LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიბრუნებთ კონტროლს ჩვენს საზღვრებზე: გერმანია კონტროლს აძლიერებს, ნიდერლანდები თავშესაფრის ყველაზე მკაცრ რეჟიმს ითხოვს

496
8508614-800x450

გერმანიამ 16 სექტემბრიდან, სახმელეთო საზღვრებზე გაძლიერებული კონტროლი შემოიღო, რომელიც ძალაში 6 თვე იქნება. თუმცა, არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში, მათი გახანგრძლივებაც.

რატომ აძლიერებს გერმანია კონტროლს?

აგვისტოს ბოლოს ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ეჭვმიტანილი სირიელი იყო, არალეგალი მიგრანტი, რომელსაც უარი ეთქვა თავშესაფარზე და ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე უპირებდნენ დეპორტაციას. თუმცა მან მოახერხა სამართალდამცავებისგან დამალვა და დეპორტაციის თავიდან აცილება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მაგრამ გერმანულ სპეცსამსახურებს ამ ვერსიის ნაკლებად სჯერათ.

გერმანიაში მიგრანტების შეიარაღებული თავდასხმების სერიამ ბოლო რამდენიმე თვეში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და, როგორც ცნობილია, ხელი შეუწყო ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიების წარმატებებს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო ორ არჩევნებში. გარდა ამისა, მომავალ წელს ბუნდესტაგის არჩევნებია.

ფედერალურმა მთავრობამ დაამტკიცა ზომების ძალიან ვრცელი პაკეტი, რომელიც მოიცავს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას.

ბერლინი აღნიშნავს, რომ ინტეგრაციის შესაძლებლობები შეზღუდულია უკრაინიდან 1.2 მილიონი დევნილის მიღების გამო.

შენგენის შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროპელებს იმოგზაურონ კონტინენტზე პასპორტის გარეშე, მაგრამ შენგენის ქვეყნებს უფლება აქვთ შემოიღონ სასაზღვრო შემოწმება, თუ მიიჩნევენ, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოიყენა ეს უფლება.

რა შეიცვლება მოგზაურებისთვის?

როგორც ჩანს, ახალი სასაზღვრო შემოწმებები გავლენას მოახდენს ყველაზე, ვინც გადაკვეთს გერმანიის სახმელეთო საზღვარს.

ამან შესაძლოა გამოიწვიოს საცობები მაგისტრალებზე და დაგვიანება რკინიგზით მგზავრებისთვის, თუმცა საგუშაგოების გამოცდილებით ვარაუდობენ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იქნება.

გერმანიას ხმელეთით ესაზღვრება ცხრა ქვეყანა: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი და პოლონეთი.

გასული წლის ოქტომბრიდან გერმანიის პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის 52 ათასი შემთხვევა გამოავლინა.

Euronews-თან ინტერვიუში მიგრაციის ექსპერტები განმარტავენ ამ ნაბიჯის მიზეზებს და განიხილავენ მის ეფექტიანობას.

საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს მიგრაციის ექსპერტი სვენია ნიდერფრანკე ამბობს:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ კონტროლს ჩვენს საზღვრებზე”.

ეფექტიანია ეს შემოწმებები?

„კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი სასაზღვრო შემოწმების დროს, როგორც წესი, იჭერენ არა დიდ თევზებს, რადგან ცხადია, მათ იციან სად არის კონტროლი და პოულობენ ალტერნატიულ გზებს“, – დასძენს ნიდერფრანკე.

ის ასევე აფრთხილებს, რომ ამ შემოწმებებს შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

„ადამიანებს სამუშაოდ ან საქონლის გადასატანად უწევთ წინ და უკან მგზავრობა. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ყოველდღიურად გიწევს სასაზღვრო კონტროლის გვერდით ტრიალი“.

იქნება თუ არა პოლიტიკური შედეგები?

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკეს პოლონეთმა, საბერძნეთმა და ავსტრიამ.

ნიდერფრანკე აღნიშნავს, რომ კონტროლი, მაგალითად, გერმანია-ავსტრიის საზღვარზე დიდი ხანია არსებობს და ვენის აღშფოთება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში მომავალ არჩევნებთან.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, პირიქით, მიესალმა, რომ „გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეთანხმება მის პოლიტიკას“.

ექსპერტის თქმით, ევროკავშირის დონეზე ჩინოვნიკები უკმაყოფილო არიან სასაზღვრო კონტროლის შემოღებით.

ეს მაინც დროებითი მოვლენაა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი დანიასა და ისლანდიაში გიგი გიგიაძე „ფორტუნასთან“ საუბრობს, რომ ეს მაინც დროებითი მოვლენაა და ევროპა გრძელვადიან პერსპექტივში თავისუფლად გადაადგილების საკითხს არ შეზღუდავს.

„ეჭვი მეპარება ამ გადაწყვეტილებებმა კარდინალური გავლენა მოახდინოს ევროპის ოთხ ძირითად პრინციპზე, იმ თავისუფლებაზე, რასაც ეფუძნება ევროკავშირი – კაპიტალი, მომსახურება, ადამიანები, სერვისები. ესენია ევროპის ამოსავალი წერტილი. არა მგონია განგრძობითად დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ ეს ღირებულებები. ასეთ შემთხვევაში თავად იდეა ზარალდება.

ევროკავშირი დაარსების დღიდან უმკლავდება უამრავ გამოწვევას. მიგრაციის ტალღა არ არის პირველი შემთხვევა. დაახლოებით 10-15 წლის წინ იყო სერიოზული ტალღა და აქედან დაიწყო ამ პოლიტიკის გადახედვა. გარე მიგრაცია, თავისთავად იგულისხმება, რომ არის დიდი გამოწვევა.

ნახეთ რა ხდება, ბელარუსი პირდაპირ ერეკება და მაქსიმალურად ხელს უწყობს არალეგალ მიგრანტებს მოხვდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს პირდაპირ აგრესიული აქტია და პოლონეთმაც დაიწყო ფიზიკური საზღვრის გამაგრება.

ზოგადად მკაცრდება და ხისტი ხდება დამოკიდებულება. ყველა ვინც შედის ევროკავშირში, ცდილობენ, რომ მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი იყოს გერმანია“.

შეუძლია თუ არა ევროკავშირს დაბლოკოს ეს ზომები?

„ევროკომისია ყოველთვის უკმაყოფილოა, როდესაც წევრ სახელმწიფოს შემოაქვს დროებით სასაზღვრო კონტროლი, რადგან ეს ეწინააღმდეგება თავად საზოგადოებისა და შენგენის იდეას.
ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის. და სწორედ ამის საფუძველზე უნდა გაამართლოს შეზღუდვების შემოღება“.

სვენია ნიდერფრანკეს მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიამ გერმანიას უჩივლოს, სხვა მსგავსი მაგალითების გათვალისწინებით.
და თუ მაინც თუ ევროკავშირი გადაწყვეტს უჩივლოს გერმანიას, ამის შესახებ უახლოეს ორ თვეში გავიგებთ.

შენგენის სხვა რომელი ქვეყნები აკეთებენ იგივეს?

შენგენი მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას ირლანდიისა და კვიპროსის გარდა, ასევე ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას. აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარეობის გამო სან მარინო და ვატიკანი მისი დე ფაქტო წევრები არიან.
გერმანია არ არის ერთადერთი შენგენის ქვეყანა, რომელმაც დროებით შემოიღო სასაზღვრო კონტროლი. სულ მცირე შვიდმა სხვა სახელმწიფომ გააკეთა ეს.

ავსტრია

ავსტრიამ შემოიღო სასაზღვრო შემოწმება ჩეხეთთან 15 ოქტომბრამდე, ხოლო სლოვენიასა და უნგრეთთან 11 ნოემბრამდე.

დანია

დანიამ გააძლიერა სასაზღვრო უსაფრთხოება ყველა შიდა საზღვრებზე.

საფრანგეთი

შემოწმებები ყველა შიდა საზღვრებზე 1 მაისიდან შემოვიდა და სავარაუდოდ 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

იტალია

ტერორისტული აქტივობის რისკის გამო, რომელიც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან და არალეგალური მიგრაციის ნაკადების მეშვეობით ტერორისტების შეღწევის შესაძლო რისკის გამო, რომმა გააძლიერა საზღვრის უსაფრთხოება 18 დეკემბრამდე.

ნორვეგია

ქვეყანაში შესვლა 12 მაისიდან შეიზღუდა და შემოწმებები გაგრძელდება მინიმუმ 11 ნოემბრამდე.

სლოვენია

ხორვატიისა და უნგრეთის საზღვრებზე შემოწმებები ივნისის ბოლოს შემოიღეს და სავარაუდოდ დარჩება 21 დეკემბრამდე.

შვედეთი

შვედეთი 12 მაისიდან 11 ნოემბრის ჩათვლით იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც ზომები მიიღეს.

ისტორიაში თავშესაფრის ყველაზე მკაცრი რეჟიმი და მინი-შენგენი

ეს ყველაფერი არ არის. ზომებს მიმართავს ნიდერლანდებიც. ეს ხდება გერმანიის გადაწყვეტილების ფონზე.

ნიდერლანდების მთავრობა ითხოვს ევროკავშირის წესებიდან თავშესაფრის პუნქტის ამოღებას და „რაც შეიძლება მალე“.

ოთხპარტიულმა მინისტრთა კაბინეტმა პირობა დადო, რომ დაამყარებს „ისტორიაში თავშესაფრის ყველაზე მკაცრ რეჟიმს“ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვებს მოუნდებათ ამსტერდამის სურვილების შესრულება: მიგრაციის სისტემიდან ნიდერლანდების გამორიცხვა გამოიწვევს თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას მეზობელ ქვეყნებში, რაც კრიზისულ სცენარს შექმნის.

მთავრობა ამბობს, რომ ნიდერლანდები ვეღარ უმკლავდება თავშესაფრის მაძიებელთა „დიდ ნაკადს“.

2023 წელს ქვეყანაში დაახლოებით 48 500 თავშესაფრის მაძიებელი და მათი ოჯახის წევრები შევიდა. ყველაზე გავრცელებული ეროვნებებია სირიელები, თურქები, იემენელები, სომალელები და ერითრეელები.

ნიდერლანდები ასევე გეგმავს თანამოაზრე და მეზობელ ქვეყნებთან მუშაობას, რათა გაუმკლავდეს არალეგალური მიგრანტების შემოდინებას და შექმნას „მინი-შენგენის ზონა“, რათა გააძლიეროს უსაფრთხოების მეთვალყურეობა საზღვრის გადაკვეთისას.

ფოტო: rfi
euractiv
irishtimes
bbc
infomigrants