ვიცით, რომ მზია ამაღლობელი რატომღაც არ აუწონიათ, თითქოს ამ კონტროლს არ გადის. ყოველდღიური მონაცემი მზია ამაღლობელის წონასთან დაკავშირებით დოკუმენტებში არ გვინახავს, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელის წონა ბოლოს ციხის დოკუმენტებში ნახეს.
„წონასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ჩემმა კოლეგამ გუშინ მოინახულა, ზუსტად წონის საკითხი მაინტერესებდა, რადგან დოკუმენტებში არ ჩანს. მისი წონა ვნახე ციხის დოკუმენტებში და აქ [ვივამედში] არ მინახავს. ვიცით, რომ რატომღაც არ აუწონიათ და თითქოს ამ კონტროლს არ გადის. ყოველდღიური მონაცემი მის წონასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვინახავს დოკუმენტებში. მზია ახლა არის მათი პასუხისმგებლობის ქვეშ და პასუხისმგებლები არიან მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაში იყოს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმის დეტალებს, ადვოკატის განცხადებით, ამაღლობელის ქმედება ანუ პოლიციელისთვის სილის გაწვნა, არ არის თავდასხმა, ვინაიდან, სილის გაწვნით ვერ შეუქმნი საფრთხეს ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
„ყველა მოქმედება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, სამართლებრივად როგორც ფასდება. სილის გაწვნა არასოდეს არ არის თავდასხმა, ვინაიდან, სილის გაწვნით ვერ შეუქმნი საფრთხეს ვინმეს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, თავდასხმა არის მხოლოდ ისეთი ტიპის აგრესიული მოქმედება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მთელი ამბავი, ბრალდების მტკიცებულებები ირონიულადაც ჩანს, რომ არ იყოს ამ ადამიანის ასე მძიმე პროტესტი.
თავდასხმას ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ იმიტომ, რომ არსებობს კადრი, სადაც არის სახეში ხელის შემოლაწუნება. სადაც არ უნდა წაიღო, უნდა შეაფასო ეს ამბავი, ამას ვერ აცდები. რაღაცა ხომ უნდა თქვან, სილა რომ შემოულაწუნა, მერე რა აქედან? რაღაცით ხომ უნდა დაამძიმონ ამბავი, ამიტომ არის ექვსი პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ სილა რომ შემოულაწუნა, დავინახეთ, რომ ლოყა და ყურის არე გაწითლებული ჰქონდა. სილის შემოლაწუნებას სხვა შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს, ამაზე მძიმე ვერაფერი მოიფიქრა ბრალდებამ“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მაია მწარიაშვილის თქმით, სანქციები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე იმიტომ, რომ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის, რადგან არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რითაც ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილებას.
მისივე თქმით, უსამართლო გადაწყვეტილებების მიმღებმა მოსამართლეებმა, პროკურორებმა და პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ ცივილიზებული სამყარო მათ არ მიიღებს.
„რასაკვირველია, მოსამართლეების დასანქცირება არის სრულიად არანორმალური მოვლენა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვითხოვთ. მეც, როდესაც ამ საკითხზე ვესაუბრები არაერთ ადამიანს, ყველას ვეუბნები, რომ ჩვენ არა გვაქვს მართლმსაჯულება და არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ამ მართლმსაჯულების გაკეთილშობილების. ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცედურულ სპექტაკლებში ვმონაწილეობთ ტყუილად და თუ გადაწყვეტენ, რომ ვიღაც რაღაცაში გადაახურდაოს, მაშინ დგება ხოლმე რაღაც შედეგები. ამიტომ, რასაკვირველია, სანქციები ყველაზე მოკლე და ეფექტური გზაა ასეთ დროს. ასეთი რამეების ჩამდენმა მოსამართლეებმა, პროკურორებმა და პოლიციელებმა, კონკრეტულ გვარებითა და სახელებით, უნდა იცოდნენ, რომ ცივილიზებული სამყარო მათ არ მიიღებს. სანქციები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მათზე და მათ ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე და შვილებზე. ასე უნდა იყოს აუცილებლად იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. არავითარი მექანიზმი არ არსებობს, რითაც ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის გაკეთილშობილებას, თუ არ ასეთი ეფექტური და “ტარგეტირებული” სანქციები“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.