უკრაინაში, სუმის ოლქში, შრომის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, შეიარაღებული ძალებისთვის მინი გამათბობლებს ამზადებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მასწავლებელი თავისი იდეის ისტორიას ჰყვება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სერხი მარუშჩენკო ჯიბის გამათბობლებს 2014 წლიდან ამზადებს და მისი შექმნილი დასაკეცი ღუმელი სამხედროებს, განსაკუთრებით, ზამთრის ბრძოლებში გამოადგებათ.
ამ მინი ღუმლის წყალობით, ჯარისკაცებს შეუძლიათ ჩაი ან საკვები რამდენიმე წუთში გაათბოთ. როგორც თავად მასწავლებელი ამბობს, დასაკეცი ღუმელების შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მსგავსი მოწყობილობა ერთ-ერთ ვიდეოში, ამერიკელ სამხედროებთან ნახა, რის შემდეგაც მოწყობილობა ისე გააუმჯობესა, რომ ჩვენს რეალობაში, მისი წარმოება მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო.
„გამათბობელი მოწყობილობის წონა 150 გრამს არ აღემატება. 5-6 მშრალი გირჩი, ჭიქა წყალი და სამ წუთში ადუღდება“, – თქვა შრომის მასწავლებელმა, სერხი მარუშჩენკომ და დაამატა, რომ ერთ დღეში, მას და მის მოსწავლეებს ათამდე ასეთი მინი ღუმლის დამზადება შეუძლიათ.
როგორც გამოცემა წერს, იმის გამო, რომ ახლა სუმის სკოლის მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ, ჯიბის ღუმელების დამზადების პროცესი ფერხდება, მაგრამ არ ჩერდება – მასწავლებელს ეხმარებიან მოხალისეები, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, სადაც სერხი მარუშჩენკო ასწავლის, ასევე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.
უკრაინელი მასწავლებელი ფრონტის ხაზზე რამდენიმე ათეულ მინიატიურულ ღუმელს უახლოეს მომავალში გაგზავნის. როგორც მან აღნიშნა, დასაწყისისთვის ასეთი მოწყობილობის გაგზავნას, ოხტირკასა და ნიკოლაივში გეგმავს.