ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შემოდის ამერიკაში, – აღნიშნულის შესახებ საემიგრაციო სასამართლოს თარჯიმანმა, მარიტა მაზანიშვილმა “ფორმულასთან” აშშ-დან პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
თარჯიმანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და განიხილავს რა დაბრკოლებებს აწყდებიან ადამიანები აშშ-ში ჩასვლისას.
“მე-4 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და ამ პროცესს რამდენიმე წელია რაც ვაკვირდები. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ადამიანი შემოდის ამერიკაში. მიზეზები ფინანსები და პოლიტიკური არასტაბილურობაა. რაც შეეხება იმას, რა დაბრკოლებებს აწყდებიან აქ ჩამოსვლის შემდეგ. ეს არის საიმიგრაციო საბუთები, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რომელთაც ინფორმაცია არ აქვთ და შემდეგ მდგომარეობა რთულდება. აქ არის ძალიან ბევრი ბიუროკრატია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე შემოდის, აქვს უფლება მოითხოვოს თავშესაფარი.
ხალხის დიდი ოდენობის შემოსვლასთან ერთად, დაბრკოლებები შეიქმნა საცხოვრებელთან და სამუშაოებთან დაკავშირებით. აშშ-ში მყოფი ქართველები ვცდილობთ ჩვენს თანამოქალაქეებს ყველანაირად, მათ შორის ფინანსურადაც დავეხმაროთ. ასევე ვეხმარებით სამსახურის და ბინის მოძებნაში. საზოგადოებას ვურჩევ, სანამ ემიგრაციაში წასვლას გადაწყვეტენ, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიონ იმ ქვეყანაზე, სადაც მიემგზავრებიან”, – აცხადებს მარიტა მაზანიშვილი.