მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და წმ. ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.
პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამურმა ღირებულებამ 4,7 მილიონი ლარი შეადგინა.
პროექტი ითვალისწინებდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას. აგრეთვე, გათვალისწინებული იყო: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
გარდა ამისა, ფონდმა განახორციელა წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებდა წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი ასფალტბეტონის გზის მოწყობას. გათვალისწინებული იყო წყალამრიდი მილების, მიერთებების, ბორდიურების, კიუვეტების და საყრდენი კედლის მოწყობა.
ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში მომლოცველების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის იანვარში დასრულდა.