ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატა ასათიანი „გვანცას პოდკასტს“ ეწვია, სადაც სქესობრივი განათლების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმ ტრაგიკულ რეალობაზე გაამახვილა, რომელსაც ინფორმირებულობის ნაკლებობა იწვევს.
„ბავშვს, მოზარდს, ჩემ შვილს რომ ვიღაც სთხოვს, რომ გამომიგზავნე შენი ფოტოები, შიშველი. აქ ის უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ის სიგნალი, რომელსაც არ უნდა დათანხმდეს!
როცა მოზარდი არ არის ინფორმირებული და მიხვდება, რომ ისეთ ურთიერთობაში შევიდა, რომელშიც კომფორტულად არ გრძნობს თავს, პირველი ფიქრობს რას? – ფიქრობს იმას, რომ „ჩემი ბრალია“ და როგორც კი ჩემი ბრალია შემდეგ არის – „მრცხვენია“. და აი ამ ორი რაღაცის შეჭიდულობით, საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, რომ მოზარდი ვეღარ გამოდის აქედან იმიტომ, რომ ეშინია, ცხადად თქვას, რომ ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, მას სექსუალურად ავიწროებენ, ძალადობაზე აღარ არის ლაპარაკი. მის სხეულს მისი ნებართვის გარეშე ეხებიან და აქედან გამომდინარე მას აქვს განცდა, რომ რადგან შემეხო ჩემი ბრალი ხომ არ არის და რადგან ჩემი ბრალია ესეიგი მე სამარცხვინო ვარ და პრაქტიკულად მერე ვიღებთ იმ მძიმე შედეგებს, რომელსაც მედია აშუქებს და ჩვენ საზოგადოება ძალიან შეწუხებულები ვართ ხოლმე.
ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, არასდროს მავიწყდება ხოლმე ეს ფრაზა, ხმაც კი მესმის იმ ბაბუის ფრაზა, რომელიც მედიამ ჩაწერა…
იყო გოგონა, რომელსაც უფროსი ასაკის მამაკაცთან ჰქონდა მიმოწერა, მამაკაცმა სთხოვა რაღაცების გაგზავნა-გამოგზავნა, გოგონა უკვე შევიდა ამ ურთიერთობაში დანაშაულის საშინელი გრძნობით, ვეღარ გამოვიდა და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება.
აღნიშნულზე კი ბაბუის კომენტარი იყო – „მან თავისი ცუდი საქციელით შედეგი მოიმკაო…“ რაზე ვლაპარაკობთ?
ამ უღრან ტყეში ვამყოფებთ ბავშვებს ყოველ დღე, როცა მათ ვუზღუდავთ წვდომას სქესობრივ განათლებაზე“, – აცხადებს ნატა ასათიანი.
