ცნობილი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში საინტერესო ამბავს იხსენებს სპარსულის მასწავლებელზე, რომელთანაც ხაშურიდან თბილისში დადიოდა.
„დავიწყე სპარსულის სპეციალისტის, მასწავლებლის ძებნა და აღმოჩნდა, რომ ხაშურში არ იყო ასეთი ადამიანი, ვინც მასწავლებლობდა. კვირაში ერთხელ ვჯდებოდი ავტობუსში, ჩამოვდიოდი თბილისში, ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ბატონი კარლო მუშაობდა და მიტარებდა სპარსულის გაკვეთილებს. 12 წლის ვიყავი, ის კი 70 წლის იყო. ხაშურული და სპარსული ინტონაციის საინტერესო ნაზავი ჰქონდა. მეოთხე გაკვეთილზე მეუბნება, ბიჭო, მე და შენ ხომ ვართ ძმაკაცები. ჰოდა, აბა, მე ძმაკაცისგან ფული როგორ უნდა ავიღო? სინამდვილეში რა ხდება? ბატონმა კარლომ გაიგო, რომ არ მყავს მშობლები, შეურაცხყოფა რომ არ მოეყენებინა, გადაწყვიტა, ამ ფორმით მეპატრონა. იმ პერიოდში შეიძლება ვერ გაიაზრო, რადგან შენს თავს ხდება, მაგრამ იმ დროსაც გავიაზრე, რა მოხდა… მერე კი, ეს ამბავი იმდენად ძვირფასი გახდა, როცა თავად დავიწყე კერძო მოსწავლეებთან მეცადინეობა, ყოველთვის მყავდა ყველა ჯგუფში ერთი ობოლი მაინც, ვისაც უფასოდ ვასწავლიდი და ამას ვაკეთებდი ბატონი კარლოს სულისთვის… სუფიზმზე ვლაპარაკობთ, ეს არის სუფიზმის არსი, მემკვიდრეობითი სიკეთე… ოღონდ უნდა იცოდე, სად, ვისთან და რანაირად…“
