LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცხოვრებაში შენი დანახვა არ მინდა – ეს იყო მაშინ საქართველოს მიმართ ჩემი ბოლო რეაქცია… რამდენჯერაც შევეცადე მეჩვენებინა ის, ვინც ვიყავი, იმდენჯერ თითქმის შემიწირა ცხოვრებამ“ – გაიცანით თემურ თვალავაძე ჰემილტონი, რომელმაც განსხვავებული ორიენტაციის გამო 21 წლის წინ საქართველო დატოვა

326
თემურ თვალავაძე ჰემილტონი

როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა გზას გადიან სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად, რა გამოწვევების გადალახვა უწევთ და როგორია მათი ყოველდღიურობა – უკვე ერთ წელზე მეტია, ემიგრანტებისთვის შექმნილი გადაცემა „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“ და მისი ავტორი, თავადაც აშშ-ში მცხოვრები თამია ტატალაშვილი ქართველ ემიგრანტებს მასპინძლობს და სწორედ ამ კითხვებზე ისმენს პასუხებს.

„ნიუ-იორკში თამიასთან“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო 39 წლის, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თემურ თვალავაძე ჰემილტონი, რომელმაც ამერიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

თემურ თვალავაძე ჰემილტონი ბათუმში, 1985 წელს დაიბადა.18 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად აშშ-ში წავიდა:

„წამოვედი აშშ-ში და მივატოვე სამშობლო, იმის გამო, რომ ვარ გეი. არ იყო მარტივი – ბევრი ტკივილი, ბევრი რთული დღე გადავიტანე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ განსხვავებული ადამიანი ვიყავი, გავაცნობიერე, რომ გეი ვარ. იმასაც მივხვდი, რომ ჩემთვის საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი. თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო, რამდენჯერაც შევეცადე, მეჩვენებინა ის ვინც ვიყავი, იმდენჯერ თითქმის შემიწირა ცხოვრებამ.

აშშ-ში პირველად, გაცვლითი პროგრამით, 16 წლის ასაკში ჩამოვედი, აქ გავიგე, რომ ასეთი გავჩნდი, საქართველოში [მეუბნებოდნენ] – ან „ეშმაკი გყავს შეჩენილი“, ან „მენტალურად ავადმყოფი ხარო“. „ეშმაკი“ არ მეგონა, რადგან ღვთის მოყვარული ვარ და სულ ეკლესიაში დავდიოდი. ვფიქრობდი, რომ გონებრივად ვიყავი ავად – ასე მეგონა 16 წლამდე.

როდესაც ეკლესიაში მივდიოდი, ღმერთს ვეხვეწებოდი, გამომაჯანმრთელე-მეთქი“, – იხსენებს თემურ თვალავაძე ჰემილტონი.

ინტერვიუს დროს, თემურ თვალავაძე ჰემილტონმა ის წუთები და ემოციები გაიხსენა, როდესაც აშშ-ში მიმავალმა, თვითმფრინავიდან საქართველოს გადმოხედა:

„რომ ავფრინდით, გადმოვიხედე: „ცხოვრებაში შენი დანახვა არ მინდა-მეთქი“, ეს იყო მაშინ საქართველოს მიმართ ჩემი ბოლო რეაქცია. მადლობა ღმერთს, ამ რეაქციამ გაიარა 2022 წელს, როდესაც თითქმის 20 წლის შემდეგ, საქართველოში პირველად ჩავედი. ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი… დედასთან [ოჯახთან, მამიდასთან] ურთიერთობა და მასთან ხშირად დარეკვა რომ დავიწყე.

ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვაზე… ძველ მეგობრებთან ურთიერთობა კვლავ დავიწყე, ნელ-ნელა გახსენდება ყველაფერი, გული მომილბა და მომითბა“, – ამბობს თემურ თვალავაძე ჰემილტონი.

mazda magti 5g