გიორგი გველესიანმა მეუღლესთან ერთად ფერეიდანში იმოგზაურა.
ამის შესახებ ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს გვიზიარებს.
„დასრულდა ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა ფერეიდანში.
ეს არ იყო მხოლოდ მგზავრობა – ეს იყო შეხვედრა ფესვებთან, ქართველობასთან, რომელიც თაობებმა მოფრთხილებით შემოინახეს შორეულ მიწაზე.
დიდი ხანია მინდოდა აქ ჩამოსვლა — იქ, სადაც ქართული ენა ჯერ კიდევ ისმის, სადაც ტრადიციები ოჯახიდან ოჯახში გადაეცემა და სადაც ქართველობა გულშია შენახული.
შევხვდი ადამიანებს, რომლებიც სტუმარს არა როგორც უცნობს, არამედ როგორც ნათესავს იღებდნენ. მათ თვალებში იყო სიმხურვალე, სიამაყე და დიდი სიხარული. მათი გულწრფელი შეხვედრა და იმედიანი ღიმილი დღემდე ჩამრჩა გულში.
მიუხედავად სირთულეებისა, ეს დღე მაინც დადგა — და დადგა ადამიანების შეუდრეკელი სურვილით, ერთმანეთის პოვნისა და ძველი კავშირის განახლების სურვილით.
განსაკუთრებული მადლობა @deda.ena.arsen ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში შეტანილი წვლილისთვის, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და @gladiators_accessories იმ თბილი საჩუქრებისთვის, რაც გადაეცა ფერეიდნელ ოჯახებს.
ფერეიდნელ ქართველებს კი — მადლობა გულითადი მიღებისთვის. თქვენი სიყვარული, სტუმართმოყვარეობა და მეხსიერებაში გამჯდარი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ეს იყო მოგზაურობა, რომელიც არასდროს დამავიწყდება,“ – წერს გიორგი გველესიანი.