ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემის, „სხვა ნანუკას“ ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ეთერში 3 დეკემბერს გავიდა, მიეძღვნა შუახევის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ ბებიას – მარინას და მის ორ ტყუპ შვილიშვილს – ნიკას და ლუკას, რომლებსაც, ბებიის განცხადებით, ის მარტო ზრდის.
გადაცემა რეზონანსული აღმოჩნდა, გაშუქებულმა ამბავმა სხვადასხვა სოციალური პლატფორმა მოიცვა. გადაცემის აღნიშნულ ეპიზოდში, ქალბატონი ჰყვებოდა, რომ მისმა რძალმა, რომელმაც ტყუპები 17 წლის ასაკში გააჩინა, შვილები დაბადებიდან რამდენიმე თვეში მიატოვა.
„სხვა ნანუკას“ მორიგ ეპიზოდში კი თავად ტყუპების დედასთან ჩაწერილი ინტერვიუ იხილა მაყურებელმა. როგორც გადაცემის ავტორი ჰყვება, „სხვა ნანუკას“ წინა ეპიზოდის ეთერში გასვლიდან მალევე, გადაცემას ტყუპების დედა თავად დაუკავშირდა.
აღნიშნულ გადაცემაში მარიამი [ტყუპების] დედა საკუთარ ვერსიას ჰყვება:
„ორსულობის პერიოდში ძალიან მინდოდა ბანანი და მაწონი და დავაბარე თავის შვილს [ჩემს მეუღლეს], რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობდა, რომ ამოიტანა, ის ღუმელთან დაჯდა გასათბობად, მე კი ჭამა დავიწყე, ეს ქალი [დედამთილი] ეუბნება: „მე ვიცი, თქვენ რასაც გაგიკეთებთ, ჯერ ქმარი არ დამჯდარა სუფრასთან და ეს ზის და ჭამსო“. ლევანმა უთხრა, დაანებე თავი, ჭამოსო.
აი, მაგიტომ შემზიზღდა ზუსტად – უნდა ეთქვა დედამისისთვისაც და ჩემთვისაც. მე თუ დამნაშავე ვიყავი, ეთქვა: „მარიამ, ეს დედაჩემია, ჩემი გამზრდელია, არ მოექცე ცუდად“, დედაჩემისთვის უნდა ეთქვა: „ესა ჩემი მეორე ნახევარია, არ მოექცე ცუდად, ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება გქონდეთ“. ის ქალი თავის შვილს ხმას არ აღებინებდა, თუ ჩემს დასაცავად რამეს იტყოდა, ეუბნებოდა: „ახლა შემოგარტყამ სახეში“… ლევანი ამ დროს 20 წლის იყო, დედამისს ვერაფერს ეუბნებოდა, ერთხელ ტელეფონიც დაულეწა შვილს“, – ამბობს მარიამი.
