ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, რომელსაც 8 თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა.
რა განიცდიდა დიაგნოზის გაგების დროს, რა ფიზიკური და ემოციური სირთულეების დაძლევა მოუწია მკურნალობის პროცესში და როგორ ამხნევებდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები – ხათუნა სამნიძემ საკუთარი ცხოვრების რთული ეტაპი „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა:
„28 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეს, როდესაც პარლამენტში ტორტზე სანთლები ჩავაქრე, მაშინ დამირეკეს, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ ეჭვი გვაქვსო.
დაავადების საბოლოო პასუხი 14 დეკემბერს, კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს მოვიდა – პარლამენტში შამპანურით მოვედი და ბრიფინგი გავმართეთ, მხოლოდ თამუნა კორძაიამ იცოდა, რომ ჩემი დიაგნოზი თითქმის დადასტურდა…
თავიდან ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ცრემლები თავისით მოდიოდა, ვერ ვაკონტროლებდი, ვკითხულობდი – ეს რატომ დამემართა? ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს სამყარო სამართლიანი არ არის.
ყველაზე მძიმე კლინიკაში გატარებული პირველი ღამე იყო, პალატაში მარტო ვიყავი და საკუთარ თავს ხმით ვტიროდი. სიკვდილის შემეშინდა, ვფიქრობდი – შესაძლოა, ვერასდროს ვერ გავხდე მოხუცი.
უცებ გაჩერდა დრო, იმდენად იცვლები და ინგრევი გარეგნულად, სახეზე, სხეულზე… ჩემს თავს ვერ ვცნობდი, სარკეში აღარ ვიყურებოდი. ყველაზე დიდი სტრესი წარბების გაქრობა იყო.
როდესაც ქიმიას გადაიტან და კარგად ხარ, ადამიანს ჯილდოც სჭირდება – ქიმიებს შორის პერიოდში ჩემი ძმა მეტყოდა ხოლმე, წავიდეთ, შენი თავი ახალი კეპით დავაჯილდოოთო. ყველა ფერის კეპი მაქვს.
მკურნალობის დროს ყავას ვეღარ ვსვამდი, პირველად ყავა 1 მაისს დავლიე, ბოლო ქიმიის პერიოდში, მაშინ მივხვდი, რომ კარგად ვიყავი და ვთქვი, მგონი, გამოვჯანმრთელდი-მეთქი.
დედაჩემი, რომელიც ონკოპაციენტი იყო, ყველა ქიმიის წინ მაკიაჟს იკეთებდა, მაშინ მიკვირდა, რა დროს მაკიაჟია-მეთქი.
როდესაც სამკურნალოდ გერმანიაში ჩავედი, მაშინვე მითხრეს: „შენ სიკვდილზე ფიქრობ და შეწყვიტე“.
ოცნებამ და ნატვრებმა გადამარჩინა – ვნატრობდი, როდის ჩავალ ბათუმში ზღვაზე; როდის წავალ მეგობრებთან ერთად, როდის დავსხდებით კაფეში.
როცა ავად გავხდი, ადამიანური ფაქტორი ძალიან ბევრისთვის უპირველესი გახდა, მათთვისაც კი, ვისაც მწვავედ დავპირისპირებივარ. არ წყდებოდა ზარები – ჩვენი იმედი გქონდეს, რამე ხომ არ გჭირდებაო. როგორც კი გაიგო, მაშინვე მომიკითხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც“, – იხსენებს ხათუნა სამნიძე.