9-11 მაისს თბილისის ჯაზფესტივალზე მსოფლიოს საუკეთესო ჯაზმუსიკოსები შეიკრიბნენ. ეს ამ უკვე ტრადიციად ქცეული მუსიკალური ღონისძიებისთვის იმდენად ჩვეული მდგომარეობაა, რომ მელომანებს აღარც უკვირთ, თუმცა ყოველ წელს გემოვნებიანი, დახვეწილი, ორიგინალური, საინტერესო, ძველითა და ახლით გაჯერებული პროგრამის შედგენა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის, „ისთერნ ფრომოუშენსის“ დამსახურებაა.
წელსაც, ამ გუნდმა სამდღიანი მუსიკალური მარათონი მოაწყო, სადაც ნახავდით და მოისმენდით ბილ ევანსსაც, სტენლი კლარკსაც და ბექა გოჩიაშვილსაც. საუკეთესოდ ჟღერს, არა? ჯაზის მოყვარულებისთვის – კიდევ უფრო მეტად.
მიმოხილვას დახურვით დავიწყებთ, სადაც „ჩვენი ბიჭი“, ბექა გოჩიაშვილი მრავალი „გრემის“ მფლობელ ვირტუოზ მუსიკოსთან სტენლი კლარკთან ერთად წარდგა გადავსებული დარბაზის წინაშე. ბექას მოსმენა მუდმივად საინტერესოა, თუმცა კლარკის და მისი ახალგაზრდა ტალანტებით გაჯერებული ბენდის გარემოცვაში, კიდევ უფრო მეტად, ამიტომ მსმენელი ფეხზეც კი იდგა ამ ყველაფრის მოსასმენად…
ბექა გოჩიაშვილი და სტენლი კლარკი ერთობლივად ქართველი მსმენელის წინაშე უკვე მეოთხედ წარდგნენ და სიურპრიზის გარეშე არასდროს გვტოვებენ არც გუშინდელი დღე იყო გამონაკლისი, როცა გია ყანჩელის „ჰერიო ბიჭებო“ გენიალურად შესრულდა გოჩიაშვილი-კლარკის დუეტში…
ბექა გოჩიაშვილს სტენლი კლარკის ვარსკვლავურ ბენდში თავისი ძალიან მყარი ადგილი უკავია და ეს გუშინ კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. პროგრამა ძველთან დაბრუნებას გულისხმობდა, ამიტომ ჯაზური გაუცვეთავი მელოდიების ფილიგრანულად დამუშავებული ვერსიები ისე ჟღერდა, როგორც ახალი..
როგორც იტყვიან, ჯაზფესტივალის უკეთეს დასასრულს ნამდვილად ვერ ვინატრებდით მელომანები, თუმცა წინმა ორმა დღემ არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა.
?STANLEY CLARKE N’4Ever?
თბილისის ჯაზფესტივალი 2023 | Tbilisi Jazz Festival 2023
#tbilisijazzfestival2023
Posted by Tbilisi Jazz Festival on Thursday, May 11, 2023
იტალიელი ჯაზპიანისტის, ანტონიო ფარაოს ტრიომ კარლო ბავეტას და პასკუალ ფიორეს შემადგენლობით ჯაზფესტივალს განსაკუთრებული მელოდიურობა, სიმსუბუქე და ჰაეროვნება მიანიჭა. Antonio Farao ქმნის მუსიკალურობას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ოკეანეში მშვიდად ცურვის იმიტაცია შექმნას…
?ANTONIO FARAO’ TRIO
Antonio Farao’ – piano;
Carlo Bavetta – double bass;
Pasquale Fiore – drums;თბილისის ჯაზფესტივალი 2023 | Tbilisi Jazz Festival 2023
Posted by Tbilisi Jazz Festival on Wednesday, May 10, 2023
„სუპერჯგუფი“ – ისე ჯღერს, როგორც „მარველის“ გმირების მონაწილეობით ფილმის სახელწოდება? ბილ ევანსის, ნილ ლან დოუკის, ფელიქს პასტორიუსისა და ჰარვი მეისონის სახელები და გვარები ასეთი ფილმის გადაღების შესაძლებლობასაც მოგვცემდა, მუსიკალურ კომიქსს თუ შევეჭიდებოდით, რადგან სიტყვა Super ზუსტად გამოხატავს ამ ჯგუფის წევრთა ტალანტების ზომას და წონას. სწორედ ამიტომ იყო თბილისის ჯაზფესტივალის გახსნა ასეთი დიდი დღესასწაული…
? Tbilisi Jazz Festival
? JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason.Posted by Tbilisi Jazz Festival on Tuesday, May 9, 2023
კიდევ ერთხელ, თბილისში მოვისმინეთ ის, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მუსიკის მოყვარულებისთვის სანატრელია.
„სტენლი კლარკის ბენდი თბილისში ვენიდან ჩამოფრინდა და დაინგრა დარბაზი იქ, სცენიდან არ უშვებდნენ… აქაც ნახეთ, როგორი რეაქცია მოჰყვა მათ გამოსვლას… დარბაზს გადაჭედილიც აღარ ჰქვია, უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით, თუმცა ჯაზს ფეხზე დგომაც უხდება.
ადამიანები კარგ ატმოსფეროში კარგ დროს ატარებენ. საინტერესო სივრცე გამოვიდა, ფილმის ჩვენებით, ნახატებით, ექსპერიმენტული სცენით, სადაც ძალიან საინტერესო ახალი არტისტები გამოდიოდნენ… ლუკა თოფურიამ ისეთი კონცერტი მისცა, დღემდე საუბრობენ მასზე. ისე სწორად ჰქონდა პროგრამა შერჩეული, ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ბევრი სტუდენტი მოვიწვიეთ…
თბილისის ჯაზფესტივალი მართლაც თბილისის სავიზიტო ბარათია, ამდენი ვარსკვლავი ხელოვნების არც ერთ დარგში საქართველოში არ ჩამოსულა… ეს ფესტივალი არის თბილისელების კუთვნილება. იმდენად ხარისხიანი მუსიკა ჟღერს და საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს, რომ ზუსტად შეეფერება „შერატონის“ სივრცე…“, აღნიშნა fortuna.ge-სთან ფესტივალის შეჯამებისას კახა კანდელაკმა.