გორის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, მომღერალი თაკო ოქროპირიძე, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, გადაცემაში „ვინ ვინ არის“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ცნობილი სიმღერა „I Believe, I Can Fly“ არაჩვეულებრივად შეასრულა.
როგორც თაკო ოქროპირიძე წერს, „გამოწვევა ერთი დღით ადრე მიიღო, რაც მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ყველაფერი ისე უნდა შეესრულებინა, როგორც ეს გორის ქალთა კამერულ გუნდს ეკადრება“.
მომღერალი მადლობას უხდის ყველას, ვინც ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში გვერდით ედგა.
„გამოწვევა, რომელიც ერთი დღით ადრე მივიღე 😳 თან, პირდაპირ სახეში შემომაფეთა თეომ: „ეს შენი გასაკეთებელია, აბა შენ იციო“ და ყველაფერი აირია ტვინში. იოლანდა ადამსის ვერსია, რომელსაც არ უნდა დაემსგავსო და თან გზასაც არ უნდა გადაუხვიო; ცალკე ტექსტი, საიდანაც მხოლოდ „I Believe, I Can Fly“ იცი; და სიმღერა, რომელიც არასოდეს გიმღერია, უნდა შეასრულო უნაკლოდ, ისე, როგორც გორის ქალთა გუნდს ეკადრება 💫
ყველაფრის გათვალისწინება და პასუხისმგებლობა გულის ფანცქალით ავიკიდე 100 ტონიანი ხურჯინივით ზურგზე და ერთი დღის შემდეგ დავადექი პროექტ „ვინ ვინ არის“ გზას. მზეს რომ დიდხანს უყურებ, მერე უცბათ მოხუჭავ თვალებს და მერე სანამ გაახელ ჭრელი და წვრილი ფიგურები რომ ირევა, ზუსტად ისე ირეოდა თავში ყველაფერი.
წლევანდელი პროექტის ფარგლებში ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ანა ჭუმბურიძეს, რომელთან მუშაობა არის კომფორტული და პროფესიონალური. ნინო ჩაჩუას, რომელიც ძალიან დიდ მუხტს გადმომცემდა და მაძლიერებდა, და უსაყვარლეს ნინა წითლაურს, რომელმაც, როგორც წესი, საოცარი ჟღერადობა შესძინა ამ ნამუშევარს 🙌
და, რა თქმა უნდა, გულითადი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი თანაგუნდელების მიმართ, რომლებიც ზურგს აბჯარივით მიმაგრებდნენ და ჩვენს „თავსა და ბოლოს“ – თეოს, რომელიც საკუთარი თავივით მენდო და ამდენი ადამიანის სიყვარული მაჩუქა ❤️
P.s. არ უნდა დავივიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელიც მაია კვეკვეციას ეკუთვნის. მას ხომ დილიდან დაღამებამდე ჩემი შვილები ჰყავდა მიბარებული, საკუთარი დეიდასავით რომ უძღვება მათ და როგორც შარშან, ისე ამ სეზონზეც მისი დამსახურებით ვიდექი „ვინ ვინ არის“ სცენაზე მყარად, რადგან ვიცოდი ჩემი შვილები უსაყვარლეს ადამიანს ჰყავდა ჩახუტებული, დაუღალავად, დაუყვედრებლად (როჟების კერვის გარეშე) 😉 🙏❤️🔥
იმედი მაქვს, ყველა აქ ჩამოთვლილი ადამიანის იმედი გავამართლე 🙏❤️“, – წერს თამარ ოქროპირიძე.