ყოფილი პატიმარი ადამ რიგვავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც საკანში ცხოვრების პერიოდს იხსენებს.
როგორც ადამი აღნიშნავს, მას ნარკომომხმარებლებთან ერთად ყოფნა მოუწია, რამაც ცხადად დაანახა, რამდენად საშინელი სენია ეს.
,,როდესაც პირველად ნარკოტიკების მომხმარებელს გავესაუბრე, მაშინ დავიწყე გააზრება, რა ნივთიერებას ვაწვდიდი ამ ადამიანებს. ადამიანი განადგურებული იყო, ცხოვრება დაენგრა, ოჯახთანაც არ აქვს ურთიერთობა, ფიზიკურად ცუდადაა, მაგრამ ამ დროს ამბობს, რომ ნარკოტიკი კარგია. ამ ყველაფერმა შეცვალა ჩემი წარმოდგენა, დავინახე რომ ნარკოტიკი გონებას ცვლის ადამიანში, იმას უკვე გონია, გულში რომ დანას ირტყამს, ეს კარგია“, – ამბობს ადამ რიგვავა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა ადამიანის ცხოვრებაში უფლის წყალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ადამისთვის სწორედ უფლის მიერ მოვლენილი შესაძლებლობაა.
,,ღმერთი ადამიანებითა და გარემოებებით გველაპარაკება. ღმერთმა მოგახვედრა იმ საკანში, სადაც ნარკოტიკების მძიმე შედეგები შეგეძლო ცხადად დაგენახა. სხვანაირად ღმერთი როგორ დაგელაპარაკოს, შენთან სხვანაირად როგორ მოვიდეს?…ღმერთმა ჩასვა შენთან ერთად საკანში ადამიანი, რომელიც გასწავლიდა ქართულს და ადამიანი, რომელიც გასწავლიდა ჩინურს. ღმერთმა ჩაგაგდო სინანულშიც, თუმცა მეორე საკითხია ამას როგორ გამოიყენებდი. შენ მიმღებლობა გაგაჩნდა ამ ყველაფრის. ყველაზე მეტად მჯერა ამ სამყაროში, რომ ღმერთი ადამიანებზე გასაგებად გველაპარაკება, თუმცა საკითხავია რამდენად გვესმის ჩვენ მისი“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.