გიორგი მოსიძე პოდკასტში „მამების დრო“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი მამაა და ასევე აღიარებს, რომ ქალიშვილთან საერთო ენის გამოძებნა ძალიან გაუჭირდა:
„სამი შვილიდან არის ისეთი, ვისთანაც სრულ ჰარმონიაში ვარ, არის შვილი, ვისთანაც მუდმივ კონტრაში ვარ და არის შვილი, რომელთანაც მუდმივად განყენებული ვარ, ურთიერთობები გვაქვს ნაკლებად თბილი, ცივს ვერ დავარქმევდი, უფრო დისტანციური. სამივე ვარიანტი მაქვს… ყველა კონტრა ურთიერთობა ქალიშვილთან მაქვს, არადა, მამები ქალიშვილებთან პირიქით, ახლოს არიან ხოლმე, მაგრამ მე მერგო ქალიშვილი ბუნტისთავი, რევოლუციონერი, რომელიც მუდმივ ბრძოლაშია სამყაროსთან და ამ სამყაროს ეშმაკისეულობას მე განვასახიერებ, ვხუმრობ, რასაკვირველია. 21 წლის არის, ბავშვიც აღარ ეთქმის…
უმცროს ვაჟთან, რომელიც 14 წლისაა, მაქვს პირიქით, ახლო და თბილი ურთიერთობები, ვიკვეთებით ინტერესებსა და ფასეულობებში, ერთ სხეულს წარმოვადგენთ, ერთად ვმოგზაურობთ, ფეხბურთის მოყვარული კაცია ჩემსავით…
მყავს უფროსი ვაჟი, 22 წლის, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავის ცხოვრებისეულ გზას ადგას, არ იზიარებს ჩემს ინტერესებს, არც ფეხბურთი უყვარს… თუმცა ეს არის ცხოვრება. ცხოვრების მრავალსახეობა, როგორც ასეთი და ყველას აქვს თავისი გზა…“