ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „შავნაბადას“ პედაგოგი, ვაკო ასათიანი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს კადრებს, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ვიდეოში აღბეჭდილნი არიან ლეგენდარული ქართველი მომღერლის, „საქართველოს ხმად“ აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილები – იოანე და ნინა. პედაგოგის თქმით, კადრები სპონტანურად, ყოველგვარი დადგმის გარეშეა გადაღებული. იოანე გონაშვილი „შავნაბადას“ სტუდიის მოსწავლეა, მისი და – ნინა კი გაკვეთილს სტუმრის სტატუსით დაესწრო. კადრებში ჩანს პატარა ნინას უთბილესი ჟესტი ძმის მიმართ.
„ეს ოქროსფერი ბავშვები იოანე და ნინა გონაშვილები არიან – ჰამლეტ გონაშვილის შვილიშვილები და ჩვენი სტუდიის მოსწავლეები.
იოანე ჩემს ჯგუფშია, ნინა არა, მაგრამ დღეს ჩემს გაკვეთილზე შემოვიდა დასასწრებად და თავის ძმას მიუჯდა. იმდენად საყვარელი იყო, მინდოდა გადამეღო, ოღონდ ისე, რომ არ ეუხერხულა. მეც ამოვიღე ტელეფონი, ჩავრთე ვიდეო და დავდე გადასაღებად, ბავშვებს კი ვუთხარი, გუნდის ჟღერადობა მაინტერესებს და ჩავიწერ, რომ შემდეგ მოვისმინო-მეთქი.
ვიდეო სახლში ვნახე და პატარა ნინას ამ ჟესტმა ცრემლით ამივსო თვალები. რამდენჯერაც არ უნდა ჩავრთო, გული მიჩუყდება…
და-ძმობა…
“, – წერს ვაკო ასათიანი.
