LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ირმა სოხაძის სოლოკონცერტი „შერატონში“, შესრულებული ჰიტები მაია ბარათაშვილთან, გულიკო ჭანტურიასთან, გელა დონაძესთან და „ნიკოს ბენდთან“ ერთად და „გაიღიმეზე“ აცეკვებული დარბაზი

301
ირმა სოხაძე

22 აპრილს, „შერატონ მეტეხი პალასის“ ბოლრუმის დარბაზში ირმა სოხაძის სოლოკონცერტი გაიმართა, სადაც ცნობილი მუსიკოსი საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა მსმენელის წინაშე.

რეპერტუარი ამ ღონისძიებისთვის მომღერალმა დავით მაზანაშვილთან ერთად შეარჩია, რომელიც საკუთარ ბენდთან ერთად უმშვენებდა გვერდს სცენაზე ირმა სოხაძეს. აღსანიშნავია მომღერლის ძალიან სწორი და საინტერესო მუსიკალური ფრაზირებები და სხვადასხვა ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ორიგინალური გადაწყვეტები, რომლებიც კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებდა დამსწრე საზოგადოებას, რამდენად დიდი პროფესიონალის კონცერტზე ვიმყოფებოდით…

საღამოს განმავლობაში მოვისმინეთ ქართული კლასიკური საესტრადო ნაწარმოებები და ცნობილი ჯაზსტანდარტები, ისეთი, როგორიცაა My funny Valentine, Mr. Paganini თუ სხვა ლეგენდარული კომპოზიციები, რომლებიც ირმა სოხაძემ განსხვავებულად, საკუთარი ვერსიით შეასრულა და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. რადგან ჯაზზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საღამოს სტუმრები იყვნენ მაია ბარათაშვილი და ასევე ქართული ჯაზის ნამდვილი მარგალიტი, გულიკო ჭატურია. როგორც ირმა სოხაძემ აღნიშნა, ის ბოლო დროს იშვიათად გამოდის მსმენელის წინაშე და ეს საღამო სწორედ ასეთი შესანიშნავი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც გულიკო ჭანტურიას კიდევ ერთხელ მოსმენის საშუალება მოგვეცა…

ირმა სოხაძის კონცერტებზე მსმენელი მიჩვეულია, რომ სცენაზე მის გვერდით მუდამ ჩნდება მისი მეორე ნახევარი, რეზო ასათიანი და ახლაც, მომღერალმა მეუღლე სიმღერის შესასრულებლად მოიხმო. დუეტში აჟღერდა ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი ჰიტი „მერე“, რომელიც ცოლ-ქმარმა განსაკუთრებული ემოციებით წარმოგვიდგინა… რეზო ასათიანმა კი ხუმრობით აღნიშნა, რომ მისი მეუღლე დიდი ხნის ვარსკვლავია, თავად კი – „ამომავალი ვარსკვლავი“…

კონცერტის განმავლობაში ბევრი გამორჩეული გამოსვლა ვიხილეთ – ირმა სოხაძემ მასთან ერთად დუეტის შესასრულებლად მიიწვია ზაურ ბოლქვაძის ქალიშვილი და ასევე სცენაზე ვიხილეთ ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტები, გელა დონაძე, ბათუ ლომინაძე და სერგო ურუშაძე, რომლებმაც ერთი სიმღერა ტრიოში იმღერეს, ხოლო შემდეგ მათ ირმა სოხაძე შეუერთდა…

საღამოს ენერგიული დასასრული აღმოჩნდა ირმა სოხაძის თანაწამყვანისა და კოლეგის, მანუ მურღულიას გამოჩენა. როგორც საღამოს მთავარმა გმირმა აღნიშნა, სწორედ მის გამო გადადო კონცერტი, რომ მანუს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა, რადგან „ნიკოს ბენდი“ საზღვარგარეთ გასტროლების გამო საქართველოში არ იმყოფებოდა. მანუმ და ირმამ ერთად იმღერეს „დრო როგორ გავიდა“ და დარბაზი ააცეკვეს.

ეს მუხტი კი არ დაწეულა მას შემდეგაც, რადგან ფინალური სიმღერისთვის „გაიღიმე“ ნიკო ნანიტაშვილი და ამიკო ჩოხარაძე სიმღერის მელოდიის ავტორთან, გია მაჭარაშვილთან ერთად შეუერთდნენ სცენაზე მდგომ ქალბატონებს და დარბაზის თანხლებით „გაიღიმეთი“ დაასრულეს კონცერტი…

magti 5g