ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის „პირველამდე“ დღევანდელი ეთერი იმ ახალგაზრდების მშობლებს დაეთმოთ, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დაშლის დროს, საპოლიციო ძალების სამიზნეები გახდნენ.
პირდაპირ ეთერში ისაუბრა, ორი დღის წინ, აქციაზე ნაცემი 20 წლის ლაზარე მაღლაკელიძის დედამ, თამუნა გულედანმა. ლაზარეს მოტეხილობები სახის არეში აქვს.
როგორც თამუნა გულედანმა აღნიშნა, რობოკოპების მიერ მისი შვილის დაჭერის კადრებს ერთ-ერთი მედიასაშუალების „ფეისბუკის“ გვერდზე, პირდაპირი ეთერის რეჟიმში უყურებდა და ასევე გაიხსენა შვილის მონაყოლი, თუ როგორ სცემდნენ მას:
„ჩემი შვილები, ჩემი ძმისშვილები, მუდმივად აქციაზე დგანან, ერთმანეთს ენაცვლებიან.
ლაზარე ყველაზე უფროსია და თქვა, მე ღამე ვიქნები ხოლმე და დილით წამოვალ აქციიდანო.
უკვე წამოსული ადამიანი, უკვე ცარიელ ქუჩაში, დილის 06:30 საათზე… თავად ვუყურე „პუბლიკას“ ლაივში. მეგონა უკვე დასაძინებლად იყო ასული ჩვენს მეგობართან.
კადრებში ვუყურე – ცარიელია ქუჩა, რობოკოპები დასდევენ, ზოგი ზემოდან ჩამოჰყავთ, ზოგი ქვემოდან. უცებ ვხედავ კადრს, ლაზარეს მოათრევენ – ფერადი ქურთუკი ეცვა და ვიცანი. ეს არ იყო გამოხოხიალება, ლაზარე სრულიად მორჩილი, არა ნაცემი… იმის მერე, სამი საათი ვეძებდით. საავადმყოფოებში დავიწყე რეკვა. ერთი საათის შემდეგ ლაზარემ დარეკა, ოღონდ არა საკუთარი მობილურით, რადგან ყველაფერი წაართვეს და მოჰპარეს.
ლაზარეს მხოლოდ საავადმყოფოში მისცეს დარეკვის უფლება, ვიღაც კეთილსინდისიერმა ადამიანმა აუკრიფა ნომერი, ერთი წინადადება გვითხრა: „დაჭერილი ვარ, არ ინერვიულოთ, საავადმყოფოში გადავყავართ, ბებოს არ უთხრათ“ – როგორ არ უნდა ინერვიულო, დაჭერილი რომ არის და საავადმყოფოში გადაჰყავთ?
როგორც მივხვდი, ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე მას მერე იყო, როგორც კი კამერას და ქუჩას გაერიდნენ.
ლაზარე ჰყვება: „თავიანთი ადგილები აქვთ, სამარშრუტო ტაქსები, მგონია, ჩემი ცოტა დაკავებული იყო და გარეთვე დამიწყეს ცემაო. მცემდნენ ბევრნი, მცემდნენ რაუნდებად, მცემდნენ ახალი ძალებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გინებით“. ისედაც გესმით, რას ამბობენ და წარმოგიდენიათ წაქცეულს, თავზე დაფარებულს, სისხლის გუბეში მყოფს რებს ეტყოდნენ?
ინგოროყვაში შვილის სანახავად რომ შევედი, დამტვრეული, დაჩეხილსახიანი ბავშვებით იყო სავსე. ეს დასჯის მეთოდია.
ლაზარემ თქვა, რა შეიძლება გამეკეთებინა არანაცემს და ჩემი ნებით წაყოლილს, რა უნდა დამეშავებინა და მეთქვა ისეთი, რომ 50 რობოკოპს ვეცემეო.
ეს რუსული მეთოდია, მეთოდი, რომელზეც ეს, ჩემი აზრით, არალეგიტიმური მთავრობაა დაფუძნებული. ეს არის მეთოდი, რომლითაც ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას საბჭოთა კავშირის დროს.
სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენი შვილების დაცვა არ შეგვიძლია, იარაღის ხელში აღება არ შემიძლია, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მე შემიძლია ჩემი ხმა, ჩემი შვილი დავიცვა, გარეთ დავდგე, ყველაფერს გადავუდგე, უბრალოდ კანონით დაცვის უფლება უნდა მომცენ, უნდა ვთქვა რაც მინდა, ამის გამო მეორე დღეს ჩემი შვილი არ უნდა დაისაჯოს.
ლაზარე საავადმყოფოში 48 საათი უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე დღეს იმდენი ახალგაზრდა შემოიყვანეს, ასეთივე და კიდევ უფრო მძიმე დაზიანებებით, რომ ინგოროყვამ [კლინიკა] გვთხოვა, ადგილები არ არის და იქნებ წაიყვანოთ, ხვალ მოგვიყვანოთ და გადახვევას გავუკეთებთო…
ლაზარე უკეთესად იქნება, მისი ცხვირი, თავი, შერყევა – ახალგაზრდაა, ამას გადაიტანს. როგორ გაახსენდება თავად ის პროცესი, ადამიანების სისასტიკე, დამცირება, რომლის მაქსიმალურად მიყენებას ცდილობდნენ, ეს არის ყველაზე მძიმე ნაწილი.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, მიუხედავად იმისა, რომ არის კარგი სტუდენტი, მათემატიკოსი, რომში ცხოვრობს და მშვიდად შეეძლო ლამაზ ქალაქში, კარგ სასწავლებელში გაეგრძელებინა, თქვა, რომ არა, პაუზას ავიღებ, ონლაინ გადავალ, იმიტომ, რომ ეს ჩემი გასაკეთებელია.
არჩევნებს დაესწრო როგორც დამკვირვებელი.
თქვა, რომ ეს იყო საოცრება, შემეძლო რამდენიმე ათეული სარჩელი დამეწერა, მაგრამ ვერ ვასწრებდი, ფიზიკურად დრო არ გეყოფოდაო. თქვა, რომ ამას ვერ გადავყლაპავ, ჩვენ თუ გვინდა, რომ კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სწორი განათლების, სწორი ჯანდაცვის და სწორი სასამართლო სისტემა გვქონდეს, ეს უნდა გავაპროტესტოო.
სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ – მიუხედავად იმისა, რომ მის აზრს სრულიად ვეთანხმები, როგორც დედას მინდოდა, რომ წასულიყო [საზღვარგარეთ]. მითხრა, სხვების ხარჯზე გინდა რომ ეს გააკეთოო? ასე არ გამოვაო“, – ჰყვება თამუნა გულედანი.