ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის პოდკასტის – „ვეძებ“ გასული ეპიზოდის სტუმარი მსახიობი ნანუკა გულუა იყო. როგორც უკვე საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნანუკა ეძებს ძმას, რომელიც 1977 წელს გააშვილეს.
რა გზას გადის ნანუკა გულუა, რომ გაშვილებული ძმა იპოვოს, ამის შესახებ მან პოდკასტში ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა.
„მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ გამიმძაფრდა ძმის პოვნის სურვილი, იმ იმედით, რომ დედამიწის ზურგზე კიდევ ვიპოვიდი მამაჩემის მსგავს ვინმეს და იმ რაღაცას აღმოვაჩენდი ვინმეში. ძალიან მინდოდა, რომ მისი შვილი მეპოვა.
ძალიან დიდმა შიშმა შემიპყრო, იმიტომ, რომ შეიძლება ის იყოს სადმე აქვე და მისი შვილები და ჩემი შვილები ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ერთმანეთს გადაეკვეთონ და რაღაც ინცესტთან და უბედურებასთან გვქონდეს საქმე…
გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი ძმის დედას ვესაუბრე. ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი, ურთულესი იყო. შემრცხვა, რომ ამ ჭრილობას შევეხე, მომერიდა, რომ შეკითხვები უნდა დამესვა“, – აღნიშნა ნანუკა გულუამ.
