მსახიობი მანანა კოზაკოვა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ:
„არ არსებობენ ისინი და ესენი, იმათი შვილები და ამათი შვილები. ეს უნდა გაიგონ, ამას არ უნდა მტკიცება… შვილი არის ჩვენი სახე და პასუხისმგებლობა. ეს ჩვენი ქვეყანაა. რა დროს იმან ეს თქვა, ამან უპასუხაა… ყოველდღე ჩვენი შვილების სისხლი იღვრება. პირიქით, ახლა ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომც გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ჩვენ ეს გავიარეთ და მით უმეტეს, არ გვეპატიება…“
ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-6 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლებია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.