„სეტანტა სპორტს ჯორჯია“ გვიზიარებს რეზონანსულ ინტერვიუს სპორტსმენთან, მორაგბე მერაბ შარიქაძესთან, რომელიც წელიწადნახევარზე მეტია, არსად გამოჩენილა:
„მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი უსიამოვნება რამე, რომ მომიწია გაქრობა თვალთახედვის არედან. გულშემატკივარს საჯარო დონეზე ვერ მივაწვდინე ინფორმაცია. დიდი ხანია, ამ მომენტს ველოდები, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, ავუხსნა გულშემატკივარს სიტუაცია, რაგბის გულშემატკივარს ეკუთვნოდა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონოდათ ჩემგან. პირველი წამიდან მინდოდა გულშემატკივარს სცოდნოდა ყველაფერი, მაგრამ არავის არ ჰქონდა უფლება…“, აღნიშნავს მერაბი.
სპორტსმენი ბოდიშს უხდის გულშემატკივარს და სახელ-გვარებს არ ასახელებს, ჰყვება ამბავს, მხოლოდ საკუთარ თავზე:
„ფიჯის თამაშისთვის ვემზადებოდით 2024 წლის ზაფხულში. კრებაზე ვიყავი და გავდიოდით მოედანზე, უცებ მენეჯერი მეუბნება, გიბარებენ კავშირის წარმომადგენლებიო. პირველი სიტყვები, რაც მითხრეს, იყო, როგორ გადაგეკიდნენო. ვიფიქრე, რომ კიდევ დისკვალიფიკაცია მქონდა… არა, დოპინგზეო. გამეცინა, შანსი არ არსებობს, რაღაც შეცდომაა-მეთქი. ყველა კარგად მიცნობდა, რომ ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ცხოვრებაში დოპინგი კი არა, ჩილიმი არ მომიწევია, იმიტომ, რომ არასპორტული ამბავი იყო. შარდის გაცვლა რომ ახსენეს, ფეხის გულებიდან გამაჟრიალა, თითქოს სულმა დატოვა სხეული. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა იყო, როგორ შეიძლებოდა წასულიყო ამბავი. იმ მომენტში უკვე დისკვალიფიცირებული ვიყავი და უნდა წახვიდეო… ეგონათ შეცდომა, ბიჭებმა საერთოდ ვერ გაიგეს, რატომ შეიძლებოდა, რომ მოედანზე არ ვყოფილიყავი. იმავე ვარჯიშზე იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩემს საქმეში ფიგურირებდნენ, ისინიც დაიბარეს ცალკე და იმათაც იგივე უთხრეს. იმ მომენტში მეგონა, რომ ყველაფერი სხვანაირად მოგვარდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა – არ მიმაჩნდა, რომ ასეთ მძიმე დანაშაულად შეიძლება აღქმულიყო. მე ხომ არ გამომიყენებია სხვისი. ჩემი სუფთა ნიმუში გამოიყენეს სხვებმა. ამის გამო რამხელაზე უნდა დავსჯილიყავი?! 17 ივნისს წამოვედი და მას მერე ისე გავიდა წელიწადი და შვიდი თვე, რომ ერთხელაც არ გამივლია მოედანთან ახლოს. ვიცოდი, როცა ნიმუშს ვაბარებდი, რას ვაკეთებდი. ერთმა სანდო ადამიანმა მთხოვა… მერე გაირკვა, რომ თურმე საერთოდ არ სჭირდებოდათ, თავისი ნიმუში რომ ჩაებარებინათ, დისკვალიფიკაცია არ ექნებოდათ… პირველი კითხვა უჩნდებათ, გაგიჩალიჩესო? არავის არ გაუჩალიჩებია, არც დაბალ დონეზე და არც მაღალ დონეზე… რაგბის კავშირის ბრალი არ არის, რადგან შემხებლობა საერთოდ არ აქვს, დოპინგის სააგენტო დამოუკიდებელია…“
სპორტსმენი დასძენს, რომ ერჩივნა, ტრავმა ჰქონოდა და ამის გამო დაენებებინა თავი რაგბისთვის:
„ნეტავ, რაიმე ტრავმა მომსვლოდა, ვეღარ გამევლო… ამ შემთხვევაში სახელი არ შემელახებოდა. დიპონგ-სკანდალის გამო კარიერას რომ თავი დავანებე, ეს არ ეკუთვნოდა ჩემს განვლილ გზას. ერთი რამე, რითაც შემიძლია ვიამაყო, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი ყოველდღე. ბევრი რამ გამომივიდა, ბევრი – არა, მაგრამ შემიძლია მშვიდად ვიყო, რომ მე ყველაფერი გავაკეთე…“
მერაბ შარიქაძე საუბრობს იმის შესახებ, როგორ დაანგრია მისმა ამბავმა დედა, რომელიც გარდაიცვალა იმაზე ოცნებით, რომ მერაბი ისევ რაგბის მოედანზე დაბრუნებული ენახა:
„ეს ამბავი რომ მოხდა, ოჯახის წევრებს ვერ ვუთხარი ბოლო მომენტამდე. არ მქონდა ამის ძალა, რომ ავსულიყავი ჩემებთან და იქით დამემშვიდებინა, ვერ ვიყავი ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დავამძიმებდი. იქამდე გავწელე, რომ თავი მომეჩვენებინა, რომ დრამა არ იყო, არადა, ისეთი დრამა იყო, ხუთი დღე საჭმელს ვერ ვჭამდი. შვილის განცდებზე ალბათ მშობელი უფრო ნერვიულობს. დედაჩემს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა ჩემზე… სახლში ავედი და კედლები ჩემი მაისურებით, სურათებით ჰქონდა სავსე… ერთ-ერთ ასვლაზე ვუყურებ ამ კედელს და ცუდად ვხდები… აუ, ჩამოხსენით, აღარ შემიძლია ამის ყურება-მეთქი და წამოვედი. ორ-სამ დღეში ავედი და ყველაფერი მოხსნილი იყო აბსოლუტურად. ახლა მაგრად მწყდება გული. არ უნდოდა დედაჩემს მაგის მოხსნა… გული მწყდება იმიტომ, რომ დედაჩემის გაკეთებული ეს კედელი აღარ არის… ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ დედაჩემი აღარ არის… ძალიან დიდი ფანატი იყო ჩემი… ეს ამბავი რომ მოხდა, დედაჩემმა თავისთავად ყველაზე მტკივნეულად მიიღო. ყველას იმედი ჰქონდა, რომ მოგვარდებოდა, ექვს წელს არავინ ელოდა, ყბა ჩამოგვივარდა. ამის მერე დედაჩემი გახდა ავად. ჩემს აღქმაში ჩემზე ნერვიულობას უკავშირდება ეს ავადმყოფობა. სულ ცოტა ხნის წინ… ერთი წლის თავზე ამ ამბიდან, დედაჩემი გარდაიცვალა… დოპინგის ამბის შემდეგ ვამბობდი, უარესებიც ხდება-მეთქი, მთავარია, ყველა კარგად არის-მეთქი… შეიძლება, უარესიც მოხდეს-მეთქი. ვიღაცისთვის ადვილი სათქმელია, მერაბ შარიქაძეს ეს სისულელე როგორ მოუვიდაო… ჩემთვის კი… დედაჩემის ბოლო მოღიმარი სახე მაშინ ვნახე, როცა ვუთხარი, რომ ჩემი სპორტი არ დამთავრებულა და ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ ჩემმა დამ გახსნა დედაჩემის საფულე. ფურცელი ამოიღო, სადაც ღმერთს სთხოვს, ღმერთო, გთხოვ, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად, რაც შეიძლება მალე… ტკივილმა მოკლა, ტკივილს ვეღარ გაუძლო, ამის ფონზე ჩემს კარიერაზე ზრუნავდა და ნერვიულობდა…“
