„მომთხოვეს, გავშიშვლებულიყავი და ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, ენახათ, სადმე რამე ხომ არ მქონდა დამალული“, – ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე გადაცემაში „რეაქცია“ საუბრობს.
ნენსი დეტალურად იხსენებს, როგორ ექცეოდნენ მას და დედამისს პოლიციელები, მას შემდეგ, რაც განყოფილებაში გაყოლაზე უარი უთხრა.
„პირველივე წამი ჩემთან შემოვარდნის მცდელობის იყო ძალიან უხეში. შემოვიდა 2 ქალი პოლიციელი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა გავშიშვლდე მთლიანად. როცა ვკითხე რატომ, წესია ასეთიო. მომთხოვეს, ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, უკეთ ენახათ, სადმე რამე ხომ არ მაქვს დამალული.
ეს იყო პირველი მათი კანონდარღვევა, როგორც ახლა გავიგე, შემდეგ წავიდა სტანდარტული ჩხრეკა, რომელიც გამოცდილი მაქვს. მთხოვეს, რომ გავყოლოდი განყოფილებაში, რაზედაც ვუთხარი უარი, ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
როცა წავიდა ძირითადი ჯგუფი, რომელიც ჩხრეკდა ჩემ სახლს, შემოვიდა ახალი ადამიანი, სამოქალაქო ფორმაში, რომელიც მეუბნებოდა, უნდა გავყვე განყოფილებაში, მე ვეუბნებოდი, რომ არ მინდა, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი-მეთქი, მაგრამ ის მეუბნებოდა: ხომ იცი, არის ორი ვარიანტი, ჯობია გამომყვე, რადგან არ მინდა უშნო რაღაცები ვაკეთო აქო.
არ ვიცი ეგ რას ნიშნავს. შემდეგ ჩემმა ადვოკატმა განუმარტა, რომ არ ვაპირებდი წასვლას. ამ დროს დედაჩემი იღებდა ვიდეოს, ეს რომ დაინახა, ეცა, დაიჭირა, შემოვარდა მეორე კაციც და დაიწყეს დედაჩემისთვის ტელეფონის წართმევა, დააგდეს ძირს, მას აქვს ხერხემლის პრობლემები და ოპერაცია გასაკეთებელი და ეს სცენა რომ დავინახე, გავხდი უსუსური, დამეწყო პანიკური შეტევები და დამჭირდა სასწრაფო“, – იხსენებს ნენსი ვოლანდი.