მსახიობი ნინო მუმლაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჰყვება ამბავს, როგორ შესთავაზა ერთ-ერთ კლინიკას თანამშრომლობა, რაზეც უარი იმის გამო მიიღო, რომ ინსტაგრამზე საკმარისი რაოდენობით გამომწერი არ ჰყავს. ნინო აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში მხოლოდ გამომწერების რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და არა იმას, რა გაგიკეთებია შენს სფეროში. მსახიობი ამასთან დაკავშირებით გულისწყვეტას გამოხატავს.
„რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რატომ არ მცალია და რატომ არ შემიძლია, ვიყო ინფლუენსერი. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ვიდეომ მოიპოვა იმდენი ნახვა, გადაზიარება, ბევრი გამოხმაურება… ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო… დავფიქრდი და მივხვდი, რომ რაც უნდა გავაზიარო ჩემი საქმიანობიდან, თუ სხვა თემებზე ვისაუბრო, ადამიანებისთვის საინტერესო ისაა, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. ცოტა რთულია იმის გამოცნობა, რა არის ინტერნეტში დღეს პოპულარული, მაგრამ ასეა… იმასაც მივხვდი, რომ ინტერნეტით ყოველთვის მოიპოვებ გაცილებით მაღალ რეიტინგს, ვიდრე ტელევიზიით, ან სხვა საქმიანობით. მოვყვები კიდევ ერთ ამბავს…
მშობიარობის მერე მიჭირს დაკლება და გადავწყვიტე, რომ რადიკალურ გზას მივმართო. ბარიატრიას გარკვეული მიზეზებით ვერ გავიკეთებ, მაგრამ ერთ-ერთ კლინიკაში აღმოვაჩინე დამზოგველი პროცედურა, ვიდრე ბარიატრიაა. ეს პატარა ოპერაცია ღირს 17 000 ლარი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია და ბევრი სხვა ადამიანისთვის საქართველოში. სესხითაც წარმოუდგენელი ამბავია. გადავწყვიტე, ბედი მეცადა და შევთავაზე კლინიკას, რომ პროცედურის ცნობადობასთან დაკავშირებით ვისაუბრებდი. როცა შევხვდი კლინიკის წარმომადგენელს, ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, ვითომ არ იცის, ვინ ვარ. ამახსნევინა, ვინ ვარ, რაც ცოტა გამიკვირდა. როცა შეხვედრაზე მიდიხარ ადამიანთან და ის შენთვის უცნობია, დაგუგლე მაინც. ავუხსენი ვინ ვარ და ვუთხარი ჩემი იდეა. პასუხად მივიღე, რომ შეუძლია პატარა ფასდაკლება გამიკეთოს, ცდილობდა, რომ ეს პროცედურა მოეყიდა. აიღო ტელეფონი, რომ მენახა, რამდენი გამომწერი მყავს, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად იცის, ვინ ვარ და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია, რადგან „ინსტაგრამზე“ ნაკლები გამომწერი მყავს. პრობლემა არ არის, მათი გადასაწყვეტია. გულდაწყვეტილი წამოვედი არა იმიტომ, რომ ვერ მივიღე ის, რაც მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ გავაცნობიერე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენს საქმიანობას, რა როლი შექმენი, რამდენი ადამიანი გაახალისე შენი შემოქმედებით. ამას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენს დღევანდელ ღირებულებას დღევანდელ არენაზე განსაზღვრავს, თუ რამდენი გამომწერი გყავს. შეიძლება, მე ვუყურებ ასე და სხვისთვის ეს რეალობა ხელსაყრელია. ამოყირავდა ის ღირებულებები, რაზეც მე გავიზარდე და რაღაცნაირად გული მწყდება ამაზე…“
