მზიას გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, ენით აღუწერელი ამბავია ჩვენს თავს, – აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანი შეიძრას და ამ ყველაფრის გულგრილად ყურება უბრალოდ წარმოუდგენელია“.
„მზიას გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, ენით აღუწერელი ამბავია ჩვენს თავს. შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვერავინ ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ. მგონია, რომ მზიას ჯანმრთელობა სხვის კეთილდღეობად არ ღირს. მე-19 დღეა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი შიმშილობს და არ ვიცი, საერთოდ რას ვაპირებთ. როგორ შეიძლება ამას გულგრილად უყურო. მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანი შეიძრას“, – ამბობს ირმა სოხაძე.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.