30 აპრილს, პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სამართალდამცველებმა 63 ადამიანი დააკავეს, მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვებით ეხმიანება.
გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე შსს-მ 63 პირი დააკავა
ია ფარულავა ავრცელებს ერთ-ერთი მოქალაქის დაკავების ამსახველ კადრებს და ამბობს, რომ ის მისი ნათლული ლუკა ღვინიაშვილია, რომელიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა:
„როგორც თითოეული თქვენგანი, გუშინდელი ღამის მოვლენებით მეც განადგურებული ვარ. არ დავმალავ – იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ იდგა ჩემი ნათლული, საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქე ლუკა ღვინიაშვილი, რომელიც მოვლენას იღებდა, როგორ შეადგნენ პირდაპირ ეთერში რობოკოპები, სცემეს და დაიჭირეს, ძლივს ვიპოვეთ, რომ არის ზაჰესში…
კი ვამბობთ, რომ ახალგაზრდების იმედი გვაქვს, მაგრამ, ნახეთ, რას უშვრებიან ჩვენს ახალგაზრდობას? ესენი არავის არ ინდობენ, ხალხო, არ ვიცი, ქუდზე კაცი, რაღაც უნდა ვქნათ, ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – ამბობს ია ფარულავა.