18 თებერვალს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანული აბესაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა.
საქართველოს დამსახურებული არტისტისა და ღირსების ორდენის კავალერის მუსიკალური გზა ძალიან დიდია. გარდა საესტრადო მოღვაწეობისა, მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული ფილმის გახმოვანებაც.
ნანული აბესაძეს გახმოვანებული აქვს ქართული მხატვრული ფილმები: „შეხვედრა წარსულთან“, „მოლოდინი“, „განგაში“, „პრემიერა“ და სხვა.
„გაზაფხული“, „სიმღერა ბათუმზე“, „მუხამბაზი“, „თბილისო“, „რა გამაჩუმებს“, „სიმღერა მცხეთაზე“, „ნეტავ იმას“, „შენ, მხოლოდ შენ“, „რად შემიყვარე“, „იის კონები“ და უამრავი სხვა სიმღერა სწორედ შესანიშნავი ქართველი შემსრულებლის ხმასთან ასოცირდება.
აღსანიშნავია, რომ თავად 90 წლის მომღერალი არაჩვეულებრივად გამოიყურება, შესანიშნავ ვოკალურ ფორმაშია და ეს სცენაზე გამოსვლითა და შესრულებითაც დაადასტურა.
ნანული აბესაძისადმი მიძღვნილი საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ ქეთი გაბისიანი, წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო მონაწილეები, ნატო მეტონიძე, ნატალია ქუთათელაძე, ნათია პერანიძე, „თეატრალურის კვარტეტი“.
საღამოს განმავლობაში პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად შესრულდა არაჩვეულებრივი მელოდიები ნანული აბესაძის რეპერტუარიდან, რომელიც არაერთ ცნობილ კომპოზიციას ითვლის.
