საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.
გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს.
შეტყობინებისთანავე გაგიზიარებთ ინფორმაციას პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ.
ნახეთ გიორგის არაჩვეულებრივი შესრულება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.