ნინი ბადურაშვილი „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, რომელიც პოპულარობის კვალდაკვალ, საკმაოდ რთულად ვითარდებოდა:
„ამ პროფესიას მოსდევს პოზიტივიც და ნეგატივიც. ცნობადობამ დამაკარგვინა თავისუფლება. ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში არასასიამოვნო მომენტები, რამაც ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდი გავლენა მოახდინა. ამის გამო დამნგრევია ურთიერთობა და ვერ ამწყობია. ვიღაც მოგეწონა, მოეწონე, დაგპატიჟა სადღაც, ვიღაცამ დაგინახა, მერე იმასთან მიდის საშინელი ენის მიტან-მოტანა, ადამიანი ნეგატივს რომ ისმენს, ეშინია და ეს ურთიერთობა იშლება. არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს. ძალიან რთულია ჩემი პროფესიის ქალთან ურთიერთობა. ძალიან მყარად უნდა იდგეს თვითონაც. თავიდანვე ძალიან უნდა იყოს დარწმუნებული, რომ უღირხარ და მოსწონხარ. ისეთ რაღაცებს უყვებიან, ჰგონია, რომ უბედურება ხარ, ტრაგიკულ ბედში ჩავარდება და ჯობია, გაიქცეს…
ძალიან ალალი ვარ და ამან ბევრ რამეში შემიშალა ხელი. როცა გგონია, რომ ადამიანი გულწრფელად გისმენს, შენს ტკივილსა და ემოციას იზიარებს, თურმე ასე არ არის, მიდის და სხვანაირად ატრიალებს ყველაფერს. ვისწავლე, რომ ენას კბილი უნდა დავაჭირო. ეს უდიდესი გამოცდილება მივიღე, რაც ძალიან მადგება…
მე მყავდა ძალიან დიდი წრე. ასაკი რომ გემატება, წრეც ვიწროვდება. ვიღაცები ჩამომაშორა ცხოვრებამ. მხოლოდ იმ ადამიანებთან ვკონტაქტობ, ვისაც ვიცი, რომ ვენდობი…“
ნინი იხსენებს ასევე კარიერის პირველ წლებს, როდესაც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები სახლში ურეკავდნენ: „ერთი ბიჭი იყო, ერქვა კოტე, დღე-ღამე არეული ჰქონდა, ძირითადად, ღამე რეკავდა. ბებიაჩემს ჰქვია ფლორა, ვერ იმახსოვრებდა ამ სახელს და ქალბატონ ქლორას ეძახდა (იღიმის). უბრალოდ, ლაპარაკი უნდოდა. მერე დამანება თავი. ასეთი ბევრი იყო, სასაცილო ისტორიებიც მაქვს ამასთან დაკავშირებით. ერთ ადამიანს ვყავდი აჩემებული, სულ რეკავდა… ამის გამო ნომრის სამჯერ გამოცვლამ მომიწია…“
