თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირები“ გასული ეპიზოდი სამოქალაქო გმირს – ოთო გურგენიშვილს მიეძღვნა.
პოეტი ოთო გურგენიშვილი ფართო საზოგადოებამ 11 წლის წინ, მის მიერ ჩადენილი სიმამაცით გაიცნო – 21 წლის ოთომ ხელი ჰკრა გოგონას, რომელსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ეჯახებოდა და გადაარჩინა, მანქანა ოთოს დაეჯახა. შემთხვევა 2014 წლის 30 ივლისს მოხდა.
ოთო გურგენიშვილის შესახებ მისი დედა, ნანა მათუზაშვილი „თათიას გმირებში“ საუბრობს და მომხდარს იხსენებს.
„მის მემორიალურ დაფაზე წერია: პოეტი, იურისტი, გმირი…
ღამე მოხდა… საკუთარი აფთიაქი გვქონდა, ღამეც ვმუშაობდი. მოვიდა, ყველაფერი მომიმარაგა და წავიდა. წასვლის წინ ჩამეხუტა, რომ მიდიოდა, ვიფიქრე, რა ლამაზად მიდის-მეთქი.
მეკითხებიან ხოლმე: „არ გაქვთ კავშირი იმ ოჯახთან? არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ის ოჯახი ერთხელ ვნახე. არც გამოჩენილან, მე ავუკრძალე – სადაც დამინახავთ, შორს დადექით-მეთქი, იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, აზრიც აღარ აქვს, ჩემმა შვილმა ადამიანი გადაარჩინა…
[შეეძლო] თვალს მოარიდებდა და მორჩა, გვერდით გაიხედავდა და მორჩა – მაგრამ მე ასეთი შვილი არ გამიზრდია, ვეფხვივით გადახტა, ვენაცვალე მის კაცობას, ტყუილად არ მიწვალია…“ – ამბობს ოთო გურგენიშვილის დედა.