ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გადაცემაში „ბაიასთან“ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს, სადაც ის მუშაობის დროს ოკუპანტებმა იარაღით დაჭრეს.
თამარ ურუშაძე აცხადებს, რომ როდესაც მას ტყვია პირდაპირ ეთერში მოხვდა საკუთარ მშობლებზე და მაყურებელზე ფიქრობდა, ამიტომ გამბედაობა გამოიჩინა და ცდილობდა ამ მდგომარეობაშიც კი მაყურებლისთვის ახალი ამბავი მიეწოდებინა და ემოციები დაეთრგუნა.
თამარ ურუშაძე პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერია.
„სხვათაშორის, დიდი ხანია ეს კადრები არ მინახავს. რთულია გახსენება, როდესაც ავტომატურ რეჟიმში მიგყავს საინფორმაციო გამოშვება და ამ ამბებს ჰყვები, ჭრილობა გიახლდება. მე საუბარი არ მაქვს კონკრეტულად იმაზე, რომ ხელში დავიჭერი, ვსაუბრობ უფრო გლობალურ პროცესებზე და იმ ომზე, რუსულ აგრესიაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
რომ მიმიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმმა მითხრა, რომ იყო გამჭოლი. ერთი ადგილიდან შევიდა, მეორედან გამოვიდა. მაგრამ ვამბობ რომ გაკაწრულია, თვითგადარჩენის ინსტინქტი ხომ ძლიერია. ამ შემთხვევაში ვფიქრობდი ჩემს მშობლებზე, მამაჩემი, დედაჩემი უყურებდნენ და ვფიქრობდი, რომ უნდა შემემსუბუქებინა.
პირველი რაც ტყვიის მოხვედრის შემდეგ ოპერატორს ვკითხე, მოვკვდები მეთქი? და რომ მითხრა, არა, არ მოკვდებიო, მერე დავმშვიდდი და მოვიდა ის ემოციები, რაც მოვყევი.
ბევრად უფრო რთული სიტუაციები იყო მანამდე, ამიტომ რომ მეკითხებიან რატომ არ ნერვიულობ, რატომ არ ღელავ, რატომ არ გეტყობა ეს, სულ ვამბობ, რომ ეს იყო შედარებით მსუბუქი იმ სხვა სიტუაციებთან შედარებით რაც გამოვიარეთ. მე და რატი მუჯირი ვიყავით ერთად გადაღებაზე. როცა მოვდიოდით და ვტოვებდით ქალაქს, ზუსტად ჩვენს წინ ჩამოვარდა 2 ჭურვი. ეს იყო ჯოჯოხეთი ალბათ.
არავინ თქვას, რომ ვინმეს არ ეშინია და არ ნერვიულობს. მაგრამ გამბედაობა არ ნიშნავს იმას, რომ იყო უშიშარი. გამბედაობა ნიშნავს იმას, რომ ეს შიში დათრგუნო, მოერიო და დააპატარავო.
ჩვენ როცა მიკროფონები გვეჭირა, შეგრძნება გაქვს, რომ ეს არის იმ მომენტში შენი იარაღი და ამ ომში შენც ერთი ჯარისკაცი ხარ. ახლაც ძალიან მინდა, რომ უკრაინაში წავიდე და მომეცეს იქ მუშაობის საშუალება, მაგრამ ჯერჯერობით, სტუდიაში ვრჩები“, – ამბობს თამარ ურუშაძე გადაცემაში „ბაიასთან“.