საქართველოში გზებზე ინტენსიურად თოვს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ასახულია დასავლეთისკენ მიმავალ გზებზე არსებული ვითარება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე (გომი–სავანე) დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.
ამასთან, შეზღუდვა მოიხსნა გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 29–30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექით, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში კი ნავარაუდებია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
ვიდეო ფეისბუქჯგუფიდან „მოგზაურთა კლუბი“
