ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მაია ასათიანი მიმართავს სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც მისი თქმით, ჟურნალისტს ფოტოებზე კრიტიკულ კომენტარებს უწერენ.
„რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია, ჩემი 10-15 წლის წინანდელი ფოტო დავდო – საერთოდ სხვანაირი მზერა რომ მაქვს და სხვანაირად რომ გამოვიყურები – აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი, ან მათი გუნდი, [ყოველთვის ქალები არიან, თავიანთ კედელზე ქმარ-შვილთან ჩახუტებული ფოტოები და ხატების გამოსახულება რომ უდევთ] და აუცილებლად უნდა დამიწერონ: „რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა“. ქალბატონო, ჯერ არ მოუგონიათ წამალი, 10 წლის სხვაობით ადამიანს ასაკი რომ არ დაეტყოს. ამ 10 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა და თქვენ რომ სოციალურ ქსელში თქვენი შვილების ფოტოებს დებთ, მე ვდებ ძაღლის ფოტოებს, უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ?
თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა თქვენშია. მიდით ფსიქოლოგთან; კარგად ჩაიხედეთ სარკეში; იმუშავეთ საკუთარ თავზე; თუ სამსახური არ გაქვთ, არც მე მქონდა, მაგრამ დავიწყე ახალი ცხოვრება, მოვიგონე ჩემი საქმე. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფეხზე დგომა, ღიმილი და ცხოვრების ხალისი დამბრუნებოდა.
თუ თქვენი თავი არ მოგწონთ, იზრუნეთ და იმუშავეთ იმაზე, რომ თქვენი თავი მოგეწონოთ და სხვისი გარეგნობის ლანძღვით ერთწამიანი დიდება არ გქონდეთ საკუთარ თავთან“, – აღნიშნავს მაია ასათიანი ვიდეომიმართვაში.