მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ხათუნა ჟორდანიაზე „რუსთავი 2“ – ის დილის გადაცემის რუბრიკაში „დედა“ ისაუბრა.
ნინიმ გაიხსენა ბავშვობა და ის მძიმე პერიოდი, როდესაც დედის დიაგნოზი გაიგო.
„მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც.
ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში.
კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა, მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა.
ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე ეს არის სიკეთის კეთება,“ – ამბობს ნინი.
მომღერალმა ასევე ისაუბრა ზურასა და ხათუნას სიყვარულზეც:
„ზურა მოვიდა და მე მთხოვა პირველად დედას ხელი, მე რომ არ მიმეცა უფლება ზუსტად ვიცი, რომ დედაჩემი არ გათხოვდებოდა,“ – იხსენებს ის.
როგორც ნინი ამბობს, მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა დედის დიაგნოზმა.
„მამა გარდაიცვალა და ერთ კვირაში მოტყუებით წავიყვანე ექიმთან, არავის ჰქონია ეჭვი, რომ რამე ცუდი შეიძლება ყოფილიყო..
ეს იყო დღე, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მეგონა, რომ სიმსივნე იყო განაჩენი. ეს ძალა მე ღმერთმა მომცა, რომ ეს გზა გამეარა.. როდესაც ხათუნას დიაგნოზის შესახებ გავიგე, მე გავხდი მისი დედა.
მთელი მისი სიძლიერე აქ გამოაჩინა, არცერთი წამით არ მახსოვს მისი ცუდი ხასიათი, მოწყენა, მაშინაც, როცა ძალიან ცუდად იყო.
ერთი პერიოდი პანდემიის დროს მე არ ვიყავი საქართველოში, დედა იყო ძალიან ცუდად, თმის ცვენა რომ დაეწყო, თვითონ გადაიპარსა თმა, ამას კი ხუმრობით და სიცილით შეხვდა.
როცა სამკურნალოდ ვცხოვრობდით ისრაელში, ერთი წამიც არ გვინდოდა უერთმანეთოდ. მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი ძალაა. მე არ მინდოდა რომ წამიც კი ჩემს გარეშე გაეტარებინა.
ჩვენს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როცა მე მისთვის გული ძალიან მიტკენია, ამას განსაკუთრებით ვნანობ ახლა.
რომ არა დედა ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა არც ლამაზი, არც ფერადი. მე არ ვიქნებოდი ის ვინც დღეს ვარ.
დედა მადლობა იმისთვის, რომ გადარჩი და კიდევ 100 წელი უნდა იყო ჩვენთან ერთად,“ – ამბობს ნინი ქარსელაძე.