LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დავისვენოთ ზაფხულში უსაფრთხოდ – დერმატოლოგი ზაზა თელია მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს

190
ზაზა თელია

როგორ დავისვენოთ ზაფხულში უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ ნამზეურის მიღების დროს, როგორ ვიმკურნალოთ მზის დამწვრობის შემთხვევაში და როგორ ავიცილოთ კანის ინფექციების რისკი ზღვასა თუ აუზზე – აღნიშნულ რეკომენდაციებზე დერმატოლოგმა ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობის დროს ისაუბრა.

ნამზეურის მიღება:

„მედიცინაში უსაფრთხო გარუჯვის ცნება არ არსებობს – გარუჯული სხეული და კანის შეცვლილი ფერი უკვე დაზიანებას ნიშნავს. სამწუხაროდ, იმატებს, მაგალითად, ისეთი ვერაგი დაავადების რისკები, როგორიც კანის კიბოა.

ამიტომ, მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ მათი და ბავშვების კანი დაცული იყოს მზისგან, დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება კი მზისგან დამცავია.

მზის პიკურ პერიოდში მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ ყოფნა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ – ეს არის 11 საათიდან 16 საათამდე პერიოდი. ამ დროს კანის დამწვრობის რისკები მნიშვნელოვნად იმატებს, შესაბამისად, მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ ყოფნას უნდა მოვერიდოთ.

მზის დამცავის გამოყენება:

რეკომენდებულია, რომ მზის დამცავი კანზე დავიტანოთ მზეზე გასვლამდე 15-20 წუთით ადრე.

აუცილებელია მზის დამცავი იყოს როგორც ულტრაიისფერი A, ასევე B სხივისგან დამცავი, რადგან ჩვენი კანისთვის ორივე სხივი სახიფათოა.

თუ კანი გაოფლიანდება, მზის დამცავი უნდა განვაახლოთ და თავიდან წავისვათ – მნიშვნელოვანია 2 საათში ერთხელ განახლება.

მნიშვნელოვანია ქუდი სახის და სკალპის დასაფარად, ასევე მზის სათვალე – მზის ულტრაიისფერი სხივები ჩვენს თვალებსაც აზიანებს.

დამწვრობის დროს:

გააჩნია დამწვრობის ხარისხს – აუცილებელია კანის გაგრილება, შესაძლებელია მივიღოთ ცივი შხაპი, ცივი აბაზანა, მაწვნის გამოყენება მითია. არსებობს რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები – კრემები, სპრეი, რომლებიც შესაძლოა დამწვრობის შემთხვევაში გამოვიყენოთ.

შეგვიძლია მივიღოთ ტაბლეტის სახით, რეცეპტის გარეშე გასაცემი ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული საშუალებები.

სოკოვანი დაავადებები:

აუზზე ფეხშიშველი სიარული რეკომენდებული არ არის, რადგან ეს არის მაღალი რისკი კანის ინფექციების, მათ შორის სოკოვანი ინფექციების გამწვავებისთვის.

აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, შხაპის მიღება ზღვიდან და აუზიდან ამოსვლის შემდეგ – ეს კანის ინფექციების პრევენციაში დაგვეხმარება“, – ამბობს ზაზა თელია.

☀️✅ როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ ზაფხულში – ზაზა თელიას შემაჯამებელი რჩევები

☀️✅ როგორ დავისვენოთ უსაფრთხოდ ზაფხულში – ზაზა თელიას შემაჯამებელი რჩევები

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 25 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g