თელავში კულტურის პალატამ ჭაჭის ფესტივალი გამართა, სადაც ნინო ჩხეიძე იყო მიწვეული სოლოკონცერტით. ერეკლეს მოედანზე გუშინ ნამდვილი ანშლაგი იყო. მომღერლის გულშემატკივარი სცენაზეც ადიოდა, რის გამოც აპარატურა დაზიანდა და კონცერტი რამდენჯერმე შეწყდა. დათო ოქიტაშვილმა კი, რომელიც კონცერტის ორგანიზატორია, რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, როგორ მოაქციეს ალყაში მომღერალი მასთან ფოტოების გადასაღებად. „ბრავო, ესაა ხალხის სიყვარული“, წერს ოქიტაშვილი.
ნინო ჩხეიძე fortuna.ge-ს ექსკლუზიურად უყვება, რა ხდებოდა გუშინდელ კონცერტზე, რომელიც მომღერალს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებოდა:
„კულტურის პალატამ მიმიწვია ჭაჭის ფესტივალზე, სადაც პირველად გამოვდიოდი. როცა დავიძარით ერეკლეს მოედნისკენ, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო, მითხრეს, რომ ბევრ ხალხს არ ელოდნენ, რადგან კონცერტებზე თურმე დიდად არ დადიან, მაგრამ როცა ადგილზე მივედით, ანშლაგი დაგვხვდა… მე ყველა რეგიონში კარგად მხვდებიან, მაგრამ კახეთში რარაც განსაკუთრებული ხდება ხოლმე. ადრეც მქონია კონცერტები და ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მაგრამ გუშინდელი დღე გამორჩეული იყო…
სამჯერ შეწყდა კონცერტი, იმიტომ რომ ხალხი სცენაზე ამოდიოდა. 12 წლის ბოჭმა დაცვის კორდონი გამოარღვია და ქაღალდისგან გაკეთებული ბეჭდით დამნიშნა (იცინის). იქვე ჰქონდა გაკეთებული… იმდენი ხალხი ამოდიოდა, რომ აპარატურა გაფუჭდა და ამის გამო ვჩერდებოდით. ბავშვები თმის რეზინებს იხსნიდნენ და მჩუქნიდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ…
თაყვანისმცემლებმა კონცერტის ბოლოს შენს მანქანას ალყა შემოარტყეს…
რომ გამოვდიოდი და მანქანაში ვჯდებოდი, დაცვა გამოიძახეს, ალყაში მომაქციეს, ფოტოს გადაღება უნდოდა ყველას. ასეთ მომენტში ვცდილობ, გული არავის დავწყვიტო. ძალიან საყვარლები იყვნენ. ყველა თაობა იყო, ძირითადად, მაინც 14-18 წლამდე ასაკის უსაყვარლესი მსმენელი…
რას გეუბნებოდა მსმენელი კონცერტის მერე, რას გწერდნენ?
ხალხმა თქვა, რომ ისიამოვნეს. მთელი ღამე ინსტაგრამზე მწერდნენ შთაბეჭდილებებს, მთაგავდნენ. მთხოვდნენ, რომ ვიდეოები გადამეზიარებინა. ძალიან გავბედნიერდი. დატვირთული ვიყავი ემოციებით. ყველა სიმღერა იციან ზეპირად. არის სიმღერები – მაგალითად, „სოლოლაკი და აბნოთუბანი“, ისედაც იციან უჩემოდ და უყვართ, ჩემი დამსახურება არ არის, რომ ჰიტია, მაგრამ ბევრი სიმღერაა, რომელიც ჩემთვის დაიწერა, ჩემთვის შეიქმნა და იცით, როგორ იციან ზეპირად? ფონოგრამა რომ არ იყოს, თავად მღერიან. ნეტავ, რისი დამსახურებაა-მეთქი, ვფიქრობდი, ტელევიზიის? ინტერნეტის?.. „გაკოცოს“ მღეროდნენ დიდი სიხარულით, ეს სიმღერა იყო ამ დღის ჰიტი, შეიძლება ითქვას…
სხვათა შორის, საგარეჯოში რომ მქონდა კონცერტი, „მითხარ სად ხარ“ გულით მღეროდა ბავშვი და ამის მერე აიტაცა ხალხმა სოციალურ ქსელებში, ასე რომ, ის ამბავიც კახეთში მოხდა…
როგორი ემოციები გაქვს დღეს?
საოცარი შეგრძნებაა მართლა. გუშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი. დღეს დილით რომ გავიღვიძე, ღმერთს მადლობა გადავუხადე. გუშინ პირველად მქონდა ეს შეგრძნება, – თითოეული ადამიანის სიყვარულს ვგრძნობდი, ისე დაიხარჯნენ. ალბათ, დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ.
ვიცი, რომ ამ კონცერტზე შენი ლამაზი პორტრეტიც მიიღე საჩუქრად…
ლუკა ელიაშვილი არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც ჩემი ნახატი შექმნა. ისე ჰგავს ჩემს პოსტერს, თელავისთვის რაც გაკეთდა, ვერ წარმოიდგენთ. ისეთი ბედნიერი ვიყავი მართლა, რომ არ მინდოდა, ეს კონცერტი დასრულებულიყო.
