ჟურნალისტი მაია ასათიანი იმ წლებს იხსენებს, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემას აშუქებდა. როგორც მაია ასათიანი აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია, რომელმაც ბიოლოგიური მშობლები 8-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
მაია ასათიანის თქმით, სწორედ „პროფილის“ გუნდმა დაარწმუნა თამუნა მუსერიძე, რომ მისი ისტორია გაესაჯაროებინა და გადაცემაში ესაუბრა.
„სამ თვეში ერთხელ „დაკარგულები“ პროფილის ერთ-ერთი აუცილებელი თემა იყო. 2008 წლიდან 2021 წლამდე ჩემი საავტორო გადაცემის დახმარებით ასობით გაყიდულმა ჩვილმა, უკვე გაზრდილმა ადამიანმა თავისი ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.
ასევე, ვეხმარებოდით დედებს, რომელთაც სამშობიაროში უთხრეს, რომ მათი შვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი ბავშვებს ჰყიდდნენ. ასობით დედას დავეხმარეთ თავისი გადარჩენილი, ბიოლოგიური შვილი ეპოვა. ამასთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა და „პაროდიაც“ იყო, რაღა დაგიმალოთ, მაშინ ამაზე გული მწყდებოდა…
როგორ გავიგეთ ჩვენ თამუნა მუსერიძის ამბავი?
სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ. ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც მისი ბიოლოგიური დედა გარდაიცვალა, პროფილის პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე თამუნას მეგობარი იყო, როგორც თამუნას, ასევე, მის სამეგობრო წრეს ჰქონდა ეჭვი, რომ ისიც გაყიდული ჩვილი იყო. მახსოვს, ჩვენს ოფისში, რამდენი ხანი ვესაუბრებოდით, რომ ეს თემა საჯარო გაეხადა.
„ისეთი მამიკო გყავს, დარწმუნებული ვარ ისევ პრინცესა გოგოდ გაგრძნობინებს თავს“ – თამუნა მუსერიძე მამასთან გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს
თამუნა ამ ეტაპზე ზუგდიდში, ბიოლოგიური მამის ოჯახში იმყოფება.
თამუნა ორჯერ იყო „პროფილში“, პირველი გადაცემის შემდეგ გაჩნდა კვალი სამეგრელოდან, თუმცა მაშინ ეს ძიება, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა…
მეორეჯერაც იყო სტუმრად, თუმცა ამის შემდეგ რიგი მიზეზების გამო, რომელზეც ალბათ მოვა დრო და ვისაუბრებ, „პროფილი“ დაიხურა და ჩვენი ძიებაც შეწყდა.
მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელთაც ახსოვთ დაკარგულების ისტორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „პროფილის“ გუნდზე მეტად თამუნას სიხარული არავის უხარია, უბრალოდ, რიგი მიზეზებით გამო არ ვარ ეთერში და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ამაზე ბევრად ადრე მესაუბრა…
მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ დამსახურებებზე უყვარს საუბარი. უბრალოდ გამიხარდებოდა, რომ სადღაც, ვიღაცას ეხსენებინა, რომ “ჩვილებით ყიდვა- გაყიდვის“ კარტელს ფარდა ახადა ჩემმა საავტორო გადაცემამ“