ხათუნა ჟორდანია „მთავარ არხთან“ საუბრობს, თუ როგორ დაამარცხა სიმსივნე. მან „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ის მძიმე სენთან ბრძოლის დროს მისგან იღებდა.
ხათუნა ჟორდანიამ პირდაპირ ეთერში განმარტებაც გააკეთა, თუ რატომ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ის ასევე აცხადებს, რომ მესამე დოზის „ბუსტერის“ გაკეთებაზეც ფიქრობს.
„მადლობა იმ კეთილი სურვილებისათვის, რასაც თქვენგან ვიღებდი. განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ასეთ მხარდაჭერას განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანისგან გრძნობ. დიდი ბედნიერება და ფუფუნებაა, როდესაც შედიხარ „ფეისბუკზე“ და ის ადამიანები, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც შენ, გიგზავნიან ბევრ სიყვარულს და გულშემატკივრობას. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი და დასაფასებელია.
სანამ გავიგებდი, რომ მძიმე სენი მჭირდა ძალიან მახველებდა და ნინიმ ძალით მიმიყვანა ექიმ ელენე შეროზიასთან, რომელმაც იქვე იეჭვა რაღაც, მაგრამ მაშინ არ გვითხრა. მე ძალიან მადლიერი ვარ ქართველი ექიმების. ძალიან კარგი ექიმები გვყავს. ელენემ იმ წუთას მითხრა, რომ გამეკეთებინა „კატე“. გავეპარე სახლიდან ჩემ შვილს და მივედი გია წივწივაძესთან. როგორც კი „კატე“ გავიკეთე, რაღაც არ მომწონსო… შემდეგ სასწრაფოდ დავურეკე ნინის და გადაწყდა, რომ უნდა წავიდეთ ისრაელში. ისრაელში რომ ჩავედით, დიდხანს მომიწია ქიმიოთერაპიის ლოდინი, ამ ლოდინის დროს ძალიან დავყარე ფარ-ხმალი, რადგან შემდეგ აქ ჩამოსვლაც მოგვიწია.
ჩემი პირველი რეაქცია ამ დაავადებაზე, როდესაც მივხვდით, რაც იყო, იყო ის, რომ გადავტრიალდი და ერთი თვე ზურგით დავწექი და არ ვეკონტაქტებოდი ჩემი ოჯახის წევრებს. ნინიმ ამაყენა ძალით და მაიძულა, რომ მკურნალობა დამეწყო… მითხრა დე, არაფერია, საწყისი ეტაპია და ამას ყველაფერს მოვერევით, ძალიან ადვილია და ა.შ.
შემიძლია ხატების წინაშე დავიფიცო, რომ სანამ მკურნალობა არ დავამთავრე მართლა ვიცოდი, რომ ეს მდგომარეობა მქონდა. როდესაც დავამთავრე მკურნალობა, შემთხვევით გადავეყარე ექიმის ცნობას, სადაც ეწერა, „ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე მე-4 ა სტადია“ და ის დღე იყო, როდესაც მეორეჯერ კინაღამ ჩავვარდი დეპრესიაში….მაშინ მივხვდი რა მქონია და საიდან სად მივედი…
სულ ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი მდგომარეობა „ლაივებით“ გავუზიარო ხოლმე ხალხს და ჩემი რჩევები მივცე.
როგორც კი მე ნინიმ მითხრა, რომ არაფერია და ყველაფერი მორევადია, 21-ე საუკუნეა, ნუ გეშინია ნურაფრის… ჩემ ტვინს და ჩემ ორგანიზმს ვუთხარი რომ ეს დაავადება უნდა დავამარცხო, გადავლახო და ვიცოცხლო ჩემი შვილებისთვის.
ძალიან მძიმე სტადია მქონდა…
პირველად ისრაელში ქიმიები რომ დავამთავრე, გია წივწივაძესთან მივედი და ქალი მეკითხება რა არის თქვენი დაავადებაო? ფილტვის სიმსივნე-მეთქი… რომელი ფილტვიაო და უკაცრავად ნინისთან დავრეკავ მეთქი. ნიკა თუ შეგიძლია დაიჯერო, მე ისიც არ ვიცოდი მარჯვენა ფილტვი მქონდა დაავადებული, თუ მარცხენა. ყველაფერი მივაბარე ნინის. ის იყო ჩემი წამლები, გადასხმები… ყველაფერი იყო ნინი. ეს ჩემ ტვინში დავბლოკე, როგორც პატარა ბავშვი დავემორჩილე ნინის და გავიარე ეს პერიოდი.
ქიომიოთერაპიების შუაში ფილტვში წყალი ჩამიდგა და არაჩვეულებრივმა ექიმმა დავით გიორგაძემ 3 ლიტრი წყალი გამომიღო ფილტვებიდან… უნდა გავფრენილიყავი ქიმიოთერაპიაზე და ღმერთმა გადამარჩინა, რომ მივედი და „კატე“ გავიკეთე. რომ ავფრენილიყავი აუცილებლად დავიხრჩობოდი…
შემდეგ უკვე გადასხმებზე ვხვდებოდი საავადმყოფოში… არანაირი გადასხმა ჩემმა ორგანიზმმა არ მიიღო. ისრაელში გაკეთებულმა ქიმიოთერაპიებმა, დააპატარავა მეტასტაზები მაგრამ არ გაქრა.
ერთ მშვენიერ დღეს ეკლესიაში ვიყავი შვიდგზის ზეთისცხებაზე, ეკლესიიდან გამოვიდა ადამიანი, გამეცნო და მითხრა რომ უნდოდა თურქეთში წავსულიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, არც გვქონდა თურქეთი ნაფიქრი. ვფიქრობდით ავსტრიას, გერმანიას… მეორე დღეს დაგვიკავშირდა გოგონა და აბსოლუტურად, ბილეთები, სასტუმრო, მკურნალობა, ყველაფერი „მომართვა“… ასეთი ადამიანები თუ არსებობდნენ მართლა ვერ წარმომედგინა.
ჩავედი თურქეთში. ონკოლოგმა მკითხა დასხივება გირჩევნია თუ ოპერაციაო. რა თქმა უნდა ვუთხარი რომ დასხივება-მეთქი… 3 დასხივების შემდეგ შემოწმებაზე ჩავედი და აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. მოკლედ ის ჯოჯოხეთი და ის ყველაფერი ღმერთის წყალობით გავიარე.
ყველას ვურჩევ არ დანებდნენ და იბრძოლონ ბოლომდე. კიბო განაჩენი არ არის.
ყველაფერში ღმერთის ურევია და აქაც… ჩემს მეგობარს კოვიდით შვილი გარდაეცვალა, ჩემ ხელში გაზრდილი და იქ ვიყავი ხოლმე უამრავ ხალხში. მაგრამ გადავურჩი კოვიდს.
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ უნდა ვიცოცხლო და იმისთვის, რომ ვიცოცხლო, გავაკეთებ ყველაფერს. რა თქმა უნდა თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დამეხმარება მე იმაში, რომ გადავრჩე და დიდხანს ვიცოცხლო, გავიკეთებ და ჩემი ოჯახის წევრებსაც გავუწევ აგიტაციას. თუ ჩემი ამ ვიდეოებით სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს მივცემ იმედს და სტიმულს რომ იბრძოლონ, ან თუ იტყვიან, რომ თუ ის აიცრა მეც უნდა ავიცრა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. სხვანაირად ვერ გადავრჩები.
მეორე აცრა 21 დღეში მიწევს და მინდა გითხრა რომ მესამე აცრაზე „ბუსტერზეც“ ვფიქრობ. ჩემმა მეგობარმა რუსა მორჩილაძემ იცის ხოლმე თქმა „მაუგლი ხარო“ და ნამდვილი მაუგლი აღმოვჩნდი. დღეს გაკეთებული აცრის შემდეგ არაფერი არ მტკივა და ისეთ ხასიათზე ვარ მოვივლი მთელ თბილისს ფეხით…“, – განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.