ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი @natiatalks-ის კითხვებს პასუხობს. ნანუკამ პირად ურთიერთობებზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, მაშინ, როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარი გვერდით დაუდგა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
„სინამდვილეში, ადამიანებისთვის ძლიერ ნანუკას მართავს პირადი ურთიერთობები. მქონდა ურთიერთობა, რომელმაც გამომიყვანა ყველაზე რთული პერიოდიდან, როდესაც მქონდა მენტალური პრობლემები, პანიკური შეტევები, სირთულეები, როდესაც მეშინოდა სიკვდილის, როდესაც ქუჩაში ვერ გამოვდიოდი და მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დრო იყო ჩემს ცხოვრებაში.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ საჯარო ეთერი გამეკეთებინა ამ თემაზე. რატომღაც მეგონა, რომ ბევრი ქალი, გოგო, ბავშვი, ახალგაზრდა ებრძოდა ამ პრობლემებს და მართლა ასე აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრნი ვყოფილვართ. ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, რადგან რაღაც ფსკერს ხელს რომ ადებ და მერე ამოყვინთავ რაღაცები სხვაგვარია. ამ ამბავმა გადამაფასებინა ძალიან ბევრი რამ… ადამიანების მიმართ ჩემი წარსული შეცდომები, ჩემი ღირებულებები რა უნდა ყოფილიყო მთავარი… ჩემი ეგოს გადაფასება დავიწყე, მე – ჩავხსენი, რაც ჩვენ გახდა, შენ – გახდა. ამ პერიოდში ძალიან მიჭირდა და სულ მქონდა მარტოობის შეგრძნება. ხალხს რომ ეგონა, ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი იყო, მე სულ მეგონა, რომ მარტო ვიყავი და მეგონა ვეღარ გავძლებდი, ხვალინდელი დღე არ იქნებოდა… თან დაემთხვა, რომ იმ რთულ პერიოდში დედაჩემი გარდაიცვალა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მეგობარი იყო, რომელმაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანა და ამიტომ ის დარჩება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად. რთულ პერიოდში სიცოცხლე არ მინდოდა, სუიციდური ფიქრები მქონდა. ვფიქრობდი, რომ აღარაფერი აღარ იქნებოდა ისე, როგორიც იყო გუშინ…
ბრძოლის, სწორი ადამიანების დახმარებით, სწორი საკვები დანამატების, სწორი ცხოვრების წესის დახმარებით, ჩემი ცხოვრება გაცილებით უფრო უკეთ არის, ვიდრე იყო გუშინ და ყველას ვისაც ახლა პანიკური შეტევა, შფოთი გაქვთ, ვისაც დეპერსონალიზაცია გაქვთ, ღამე უძილობა გაქვთ, იცოდეთ, რომ თუ სწორად გაივლით ამ გზას ხვალინდელი დღე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გუშინდელი“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.