სხვა გზები მოიძებნება და სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს, – აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა, აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „ნანუკას ფონდი“ ადამიანების დახმარებას კვლავ გააგრძელებს და ეს პროცესი არ გაჩერდება.
„როდესაც ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორ შეიძლება გაგიჩნდეს ის კითხვა, ვინ შემოხაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იცი, რომ არსებობს ვიღაც, ვინც აუცილებლად დაგეხმარება. ისინი ცდილობენ, რომ სასოწარკვეთილ ადამიანებს, ერთადერთი მისასვლელი გზა ჩაუხერგონ.
სხვა გზები მოიძებნება და სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება საქმე აუცილებლად მოიპოვება სხვა გზა. ფონდი იმ ფორმით რომლითაც წლებია არსებობს, ისევ გააგრძელებს ადამიანების დახმარებას და ეს პროცესი არ გაჩერდება“, – ამბობს მარიამ გეგუჩაძე.
ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“.