გოგოლა კალანდაძის რუბრიკა ილიკო სუხიშვილს „თაკარაზე“ ესტუმრა, რომელმაც საკუთარ თავზე და საქმიანობაზე ისაუბრა.
„თაკარა“ ილიკო სუხიშვილისთვის არამარტო შემოქმედებით სივრცე, არამედ მისი საცხოვრებელი ადგილიც არის.
„როცა სეზონი გვეწყება და ამ წარმოდგენებს ვიწყებთ ხოლმე ყველას გვიხარია. კარგად ვართ, რადგან წარმატებით მიდის პროგრამა.
დატვირთულია ჩვენი სცენა. სხვადასხვა სახის წარმოდგენები ჩავატარეთ, არამარტო ქორეოგრაფიული, გვქონდა ასევე, ელექტრონული მუსიკის და როკენროლის საღამო. მრავალფუნქციური სივრცე გვაქვს.
„თაკარაზე“ ყოველთვის განსხვავებული მუსიკაა. ჩვენს ორკესტრში სპეციფიკაა ისეთი, რომ ჩვენ სმენით ვუწყობთ ერთმანეთს. თვითონ ცეკვა წერს მუსიკას. მისტიკაა და რაღაც საიდუმლოც არსებობს, რომლის თქმაც არ მინდა“. – განაცხადა ილიკო სუხიშვილმა
ქართული მუსიკის და ცეკვის გათანამედროვება გარდაუვალი იყო. ბუნების წინააღმდეგ ვერაფერს იზამ, როცა მოდის ტენდენციები, მოთხოვნილება… ყველაფერი ვითარდება სპორტიდან დაწყებული… ასევე ვითარდება მუსიკაც და ყველაფერი. მთავარია განვითარება ზუსტად მოარგო და არ იყოს აჭრა. სახიფათო იყო, რადგან თანამედროვეობასა და ფოლკლორთან ხანდახან სიფრთხილე გმართებს, რომ არ იყოს არაბუნებრივი და არაორგანული. რა თქმა უნდა, მე ვრისკავდი და მინდოდა გამომეტანა ჩემს სცენაზე ის, რაც დღეს გამოვიტანე. არანაირი ჩარჩო არ არსებობს და ყველა ადამიანს, რომელსაც რაღაც გრძნობა აქვს და უნდა რომ გამოხატოს, შეუძლია გამოხატოს.
ცეკვას არ უნდა ეტყობოდეს რომ დადგმულია. მომწონს ინდივიდუალურობა და ამის გამოხატვის საშუალებას ვაძლევ მოცეკვავეს.
ბავშვობაში ვერ აღიქვამ, რომ განსაკუთრებული მშობლები გყავს, ბებია, ბაბუა. შემოქმედებითი ცხოვრება იყო.
კითხვაზე, ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლებნა ვის ჰქონდა, დედას თუ მამას, ილი პასუხობს, რომ მამას.
„სულ მინდოდა, რომ მამას მოვწონებოდი, შევექე. 30 წელს გადაცილებული ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. მამის გარდაცვალება ისეთი რამეა, რომ რაღაც გეცვლება რა… თუ რაღაც არის დარჩენილი შენში ბავშვის, ახალგაზრდის, პასუხისმგებლობას რომ იცილებ, მაგის მერე, უცებ ხვდები რომ პასუხისმგებლობა გემატება და იცვლება ეტაპი“, – ამბობს ილიკო სუხიშვილი.