„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარია მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.
როგორც დედის ნაამბობიდან ვიგებთ, გიგასთან რეანიმაციაში მისი მკვლელის მამა შედიოდა სანახავად.
„მკვლელის ოჯახი ჩვენთან კლინიკაში მოვიდა, როდესაც გაუჭირდათ. თურმე გიგასთან რეანიმაციაში მისივე მკვლელის მამა შედიოდა…თავიდანვე სიტუაციას გვიკონტროლებდა. მე ეს არ ვიცოდი. გავიგე მაშინ, როდესაც ექიმმა თქვა, ხომ გითხარით იმ მოძალადის მხარე აღარ შემოუშვათო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ გიგაზე მოძალადის მხარე შედიოდა რეანიმაციაში“, – საუბრობს გიგა ავალიანის დედა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
