რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რძის პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება აფლატოქსინი აღმოაჩინეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, სოციალური ქსელში ვიდეოს გვიზიარებს.
„აფლატოქსინი საკმაოდ მავნეა ორგანიზმისთვის. მას შეიცავს რძე, ის პროდუქტი, რომელსაც ბავშვები ძალიან აქტუალურად მოიხმარენ. აფლატოქსინი ობის სოკოების მიერ გამოიყოფა. ასფარგელუსის სოკოა, რომელიც გამოყოფს ამ ნივთიერებას და მრავლდება ისეთ პროდუქტებზე, ისეთ გარემოში, რომელიც შედარებით ცხიმიანია. შეიძლება იყოს მიწის თხილზე, თხილზე, შეიძლება გაჩნდეს ჩაიში და ბალახში. მის მიერ გამოყოფილი ტოქსინი ბალახიდან ხვდება უკვე სხვადასხვა შინაური ცხოველების რძეში. მაგ. ძროხის რძეში, რომლისგანაც მზადდება პასტერიზებული რძე.
აფლატოქსინი ძალიან მძიმე ბიოლოგიური ტოქსინია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ე.წ ონკოჰეპატოტოქსიური საშუალება. ის პირველ რიგში ღვიძლს აზიანებს. მცირე რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება ღვიძლის სხვადასხვა დაზიანება გამოიწვიოს, ხოლო ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება, ღვიძლის კიბოც კი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე არის საზოგადოებაში შეშფოთება.
1960 წლამდე არავინ იცოდა ეს აფლატოქსინი რა იყო. პირველად დიდ ბრიტანეთში, ამ ტოქსინის მეშვეობით დაიხოცა დიდი რაოდენობით ინდაური და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მის შესახებ.
განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად ხდება ნებისმიერი პროდუქტის შესწავლა და სანამ მოსახლეობამდე მივა პროდუქტი, ის თავიდან ბოლომდე შესწავლილია. განვითარებად ქვეყნებში კი ეს არ ხდება და აქედან გამომდინარე 50-ჯერ უფრო მეტია ღვიძლის კიბო განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
ძალიან ხშირად რეკავენ მშობლები და კითხულობენ, რა უნდა მოიმოქმედონ, როგორ უნდა გამოიკვლიონ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამასთან დაკავშირებით. წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია, რომ საწყალ ბავშვებს ჩავუტაროთ უამრავი გამოკვლევა… მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უნდა შეაჩერონ ამ პროდუქტის მოხმარება, სანამ ამის ნებართვას არ მოგვცემს სურსათის ეროვნული სააგენტო. მე ვფიქრობ, რომ პრობლემა აღმოიფხვრება.
ვერანაირი პასტერიზება, მაღალი ტემპერატურა მას ვერ ერევა, ის რჩება შეიძლება გამრავლდეს რძეში. აფლატოქსინი ძალიან მავნე ნივთიერებათა ნუსხაშია შესული“, – აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.
ინფორმაციისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროდუქტის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. „აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა.