რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი ივანე ქურასბედიანი განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, ვიდრე არ დასრულდება სამხედრო დანაშაული და გენოციდი, უკრაინელი ხალხის გამარჯვებით, მიიღო გადაწყვეტილება აღარ ითამაშოს სპექტაკლები რუსულ ენაზე.
ივანე ქურასბედიანი მოუწოდებს ყველა თავის მეგობარს ნებისმიერი ფორმით გააპროტესტონ რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რადგან ბოროტებას აუცილებლად მიეზღვება დამსახურების მიხედვით.
„მე გახლავართ ივანე ქურასბედიანი, თბილისის გრიბოედვოის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობი.
პირველად ამ თეატრის სცენაზე ფეხი 2005 წელს დავდგი და მას შემდეგ, 17 წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ გასტროლზე უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.
ყოველი სტუმრობისას ახალ-ახალ მეგობარს ვიძენდი და დღეს ბევრი მეგობარი მყავს ორივე ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ვწერ ამ ვიდეოს რუსულად.
პირველ რიგში მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს და სამშობლოს ყველა დამცველს და გარდა ამისა, მინდა ჩემი მკაფიო დამოკიდებულება ვაჩვენო ჩემ მეგობრებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და არამხოლოდ.
მას შემდეგ რაც ვნახე, რა მოხდა ბუჩაში, დავინახე დახოცილი ადამიანები შეკრული ხელებით და ნატყვიარებით კეფაში, მკვდრებით სავსე სარდაფები, გამოტყავებული და გაძარცული სახლები, საძმო საფლავები და რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი ამგვარი მხეცობები,
მე მივიღე გადაწყვეტილება!
დღეიდან, ვიდრე არ დასრულდება ეს სამხედრო დანაშაული, გენოციდი უკრაინელი ხალხის გამარჯვებით, მე მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვითამაშო სპექტაკლები რუსულ ენაზე.
ოდნავი ზიზღი არ გამაჩნია არც რუსი ხალხის და არც რუსული კულტურის მიმართ, მაგრამ დღეს როცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთ სისასტიკეს სჩადის რუსეთის არმია, მე არ შემიძლია სპექტაკლების მშვიდად თამაში რუსულ დარბაზში ისე, თითქოს არაფერი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თეატრო ჩემ მშობლიურ ქალაქშია და ფაქტიურად, იგი ქართულია.
მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, აპროტესტეთ, აპროტესტეთ დაუღალავად, ნებისმიერი საშუალებით, სამართლიანობის და უდანაშაულო სიცოცხლეების სახელით და ბოროტებას აუცილებლად მიეზღვება დამსახურების მიხედვით.
უკრაინა კი, რა თქმა უნდა ძალიან დიდ ფასად, რომელსაც იგი იხდის არამხოლოდ თავისთვის, არამედ ჩვენთვის ყველასთვის, იქნება და დარჩება აყვავებულ, მშვიდობიან, ძლიერ, სუვერენულ და თავისუფალ ქვეყნად!“, – აცხადებს ივანე ქურასბედიანი.