LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვინ არის ქართველი ვიდეოგრაფი, რომლის ობიექტივშიც მილანის მოდის კვირეულზე ანა ვინტური და დემი მური მოხვდნენ და რომელ ვარსკვლავებთან ითანამშრომლა მან: „როცა წითელ ხალიჩაზე გამოვიდა, სრული სიჩუმე იყო…“

3875
ზურა ბურჯანაძე

ზურა ბურჯანაძე ქართველი ფოტოხელოვანი და ვიდეოგრაფია, რომელმაც ახლახან თავისი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურზე გადაინაცვლა, მილანის მოდის კვირეულზე მისი ფოტოობიექტივის წინ უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი აღმოჩნდა, მათ შორის, „ვოგის“ ლეგენდარული რედაქტორი, ანა ვინტური და ჰოლივუდის მსახიობი, დემი მური. ზურას პირველი მოხვედრა მოდის კვირეულზე მისთვის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება: „მილანში გამგზავრება მოდის კვირეულამდე ძალიან სპონტანურად, ორი კვირით ადრე გადავწყვიტე. გავაგზავნე მეილები ოფიციალურ გვერდებზე აკრედიტაციისთვის. საქართველოში ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს არც ერთ წერილს არ ნახავდნენ და იქ მოხვედრა ძალიან გამიჭირდებოდა… მილანის მოდის კვირეულზე ისე გავემგზავრე, რომ არ მინახავს, დასტური მქონდა თუ არა (იღიმის). იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დასტურს მივიღებდი, არც კი შევამოწმე… როცა დავბრუნდი, მაშინ ვნახე, რომ ნებართვა მქონდა და ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. მივხვდი, რომ სხვებს ნაკლებად უნდა მოუსმინო და აკეთო ის, რაც სწორად მიგაჩნია…“

მოდის კვირეულზე ფოტოგრაფები კარგი ადგილების მოსაპოვებლად ჩვენებებამდე დიდი ხნით ადრე კარვებით თუ საძილე ტომრებით მიდიან. ზურასთვის ეს პირველი გამოცდილება იყო და შესაბამისად, არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასაკეცი სკამებით თუ კიბეებით უნდა ყოფილიყო შეიარაღებული:

„მილანის მოდის კვირეულზე სექტემბერში გავემგზავრე. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ამომერჩია კონკრეტული ჩვენებები, რაზე დასწრებასაც მოვასწრებდი. პირველი არჩევანი იყო „გუჩი“, სადაც ობიექტური მიზეზით რამდენიმე წუთით დავაგვიანე – შოუს მისამართი ძალიან გვიან აიტვირთა. იქ მისულს ფოტოგრაფების ზღვა ოდენობა დამხვდა. ჩემთვის ამ ყველაფრის ნახვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. ქართველი არავინ შემიმჩნევია… ვცადე წინა რიგებში გადანაცვლება, მაგრამ ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა. ამ ჩვენების შემდეგ მივხვდი, რომ ფოტოგრაფები რამდენიმე საათით ადრე მიდიან, მაგალითად, დილის ხუთსა თუ ექვს საათზე. თუმცა, უბრალოდ კი არ მიდიან, მიაქვთ საძილე ტომრები, ან კარვები და საჭმელი, კიბეები და დასაკეცი სკამები. თუ რომელიმეს პოზიციაზე მოინდომებ დადგომას, მზად არის, შეურაცხყოფა მოგაყენოს და ამის პრეცედენტიც მქონდა (იღიმის). რამდენიმე კადრისთვის მინდოდა წინ დადგომა, მაგრამ უკმეხი პასუხი მივიღე და მერე სხვა მხრიდან მოვუარე… გასაშლელი სკამებითა და კიბეებით ვინც იყო შეიარაღებული, მათ დახმარება ვთხოვე, ზოგი დამეხმარა და სხვადასხვა კადრის აღება ასე მოვახერხე…“

ზურას პორტფოლიოში, რომელიც მის „ინსტაგრამ“ გვერდზე უკვე ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და უკვე მისი, როგორც ხელოვანის, ერთიანი ხედვის ნაწილია, მსოფლიოში აღიარებულ უამრავ ცნობილ სახეს შეხვდებით. Chiara Ferragni, Diletta Leotta, Devon Carlson და Ellie Thumann, myss Keta. ფოტოგრაფმა ითანამშრომლა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან Alex Consani, Lavieenbluu, Leonie Hanne, Jessica Goicoechea და Clara Soccins. ზურამ ასევე შექმნა პორტრეტები ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავების, როგორებიც არიან Demi Moore, Mathilda gvarliani, Serena Williams, Ren Meguro, Davikah, Ghali, Jin, He Cong და Nini Captainmiao.

„განსაკუთრებულად საინტერესო იყო ალექს კონსანის ნახვა პოდიუმზე. შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოვჩნდი. იმდენად ახლოს მოვიდა ფოტოგრაფებთან, გამოგველაპარაკა კიდეც. მისი კადრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აღფრთოვანებული დავრჩი დემი მურის ჩაცმულობით. უფრო ლამაზია, ვიდრე ფოტოებზე, ძალიან დახვეწილი და გემოვნებიანი ვარსკვლავია, სრულფასოვანი პაკეტი, ასე ვთქვათ… ჩემს არქივში არის მატილდა გვარლიანის კადრიც „გუჩის“ ჩვენებიდან, თუმცა დაგვიანების გამო ისეთი კარგი რაკურსით ვერ ავიღე, როგორც მინდოდა…

„გუჩის“ და „პრადას“, „მისონის“ და „ფენდის“ ჩვენებების გარდა, რობერტო კავალის შოუსაც დავესწარი, სტაფს გათვალისწინებული ჰყავდა ვიდეო და ფოტოგრაფები, გვქონდა კომფორტული ზონა, საიდანაც შეგვეძლო ხარისხიანი მასალის გადაღება. ამ ჩვენებაზე საუკეთესო კადრები გადავიღე. აქვე ვნახე ცნობილი ქართველი მოდელი, თამო ვაშალომიძე. გავიცანით ახლოს ერთმანეთი. ძალიან გაუხარდა ქართველის ნახვა, ასევე მეც… წლევანდელ მოდის კვირეულზე დომინირებდნენ კორეელები, რომელთა გამოჩენასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ხოლმე წითელ ხალიჩაზე…“

ჩვენებებზე დიდი კონკურენციის პირობებშიც კი, ქართველმა ფოტოხელოვანმა, რომელიც პირველად იყო ჩასული მსგავს ღონისძიებაზე, მოახერხა ის, რომ სხვადასხვა ცნობილმა სახემ მისი გადაღებული რილსები საკუთარ „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა: „უდიდესი კონკურენციაა იქ… მე ვიღებდი ჩემი თავისთვის და აუდიტორიისთვის, არც კი მიფიქრია, რომ მოდელები დაინტერესდებოდნენ ჩემი მასალებით და არათუ დაინტერესდებოდნენ, არამედ გადაიტანდნენ თავიანთ „ინსტაგრამ“-სთორებში, რამდენიმე კი ვიდეოზე კოლაბორაციას გამიკეთებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოცქსელებში საერთო ვიდეო გვიდევს. ამან აღმაფრთოვანა და დიდი მოტივაცია მომცა, რომ შემდეგშიც გავემგზავრო მოდის კვირეულებზე… ამის შემდეგ მეილს აუცილებლად გავხსნი და შევამოწმებ ნებართვას… მომდევნო ჯერზე უფრო მეტად შეიარაღებული წავალ, მათ შორის, ტექნიკური კუთხითაც… გარდა იმისა, რომ დიდი გამოცდილება მივიღე, გავიცანი ჩემი კოლეგები, ზოგთან თბილი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა… “

ანა ვინტურის გადაღება განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქართველი ვიდეოგრაფისთვის: „როცა სელებრითები წითელ ხალიჩაზე გამოდიოდნენ, კარგად ვერ ვხედავდი… მხოლოდ იმით ვხვდებოდი, რომ იწყებოდა ყვირილი და მეც უნდა მომემარჯვებინა კამერა. როცა ანა ვინტური გამოვიდა, აბსოლუტური სიჩუმე იყო… როცა მანქანისკენ წავიდა, ზუსტად მაშინ დავინახე. რა თქმა უნდა, გადავიღე, მაგრამ ეს არ იყო ის კადრი, რაც მინდოდა… რატომღაც არავის არ ჰქონია რეაქცია მის გამოსვლაზე…“

ფოტოგრაფიის სიყვარული ზურასთვის უბრალო გატაცებით დაიწყო, რაც მოგვიანებით, მის მთავარ პროფესიულ და ცხოვრებისეულ ხაზად გადაიქცა: „26 წლის ვარ და უკვე 5 წელია, ამ პროფესიაში ვარ. თავიდან ვუყურებდი, როგორც გართობას, შემდეგ გადავწყვიტე, რომ სიღრმისეულად მესწავლა. ძალიან გამიმართლა, რომ ამ გზაზე უამრავი საინტერესო ადამიანი შემხვდა, ამან გამზარდა, გავიარე განვითარების ის ეტაპები, რამაც დღევანდელ დღემდე მომიყვანა. ვფიქრობ, დღეს მაქვს ჩემი სტილი და ხელწერა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ და მათაც ვაგრძნობინებ თავს, ვინც ჩემი ობიექტივის წინ აღმოჩნდება – ვაკეთებ შავ-თეთრ კონტენტს, თუმცა მხოლოდ ეს არ განმასხვავებს სხვებისგან, ჩემს ნამუშევრებში მონტაჟის კუთხითაც არის ის დეტალები, რაც საქართველოში ხშირად არ გვხვდება…

ჩემს სფეროში მომწონს იტალიური და ფრანგული სტილი, რაც ვფიქრობ, ძირითადად, ვიდეოგრაფიაში იგრძნობა. ვიდეოგრაფიაში უფრო მეტად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ფოტოგრაფიაში, თუმცა აქედან დაიწყო ყველაფერი… რა თქმა უნდა, მუდმივად რაღაცის ძიებაში ვარ, როგორც ალბათ, ყველა ხელოვანი. არ ვამბობ უარს იმაზე, რომ რადიკალურად განსხვავებული რაღაცები ვცადო, გამოვდივარ ჩემი კომფორტის ზონიდან, მაგრამ გარკვეული გზა, შეიძლება ითქვას, რომ ნაპოვნი მაქვს… მილანის მოდის კვირეულზე ყოფნისას კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g