საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელის, ზურაბ ხმელიძის და ნიკოლოზ კვანჭიანის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება, მათს ქმედებას იწონებს და მოუწოდებს მსგავსი მიდგომისკენ ყველას, ვისაც უკანონო ბრძანების შესრულებას აიძულებენ.
სააკაშვილი ფეისბუქმიმართვაში აღნიშნავს, რომ უკანონო ბრძანებები არ უნდა შესრულდეს და განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, ყველა სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს:
“მინდა მივესალმო იმას, რომ არ ასრულებთ უკანონო ბრძანებას იმის თაობაზე, რომ ხალხი არ შეუშვათ საკუთარ სახლში – რომელ საუკუნში ვცხოვრობთ, რომ ასეთი რამე არის შესაძლებელი?
აქ საუბარი არ არის ჰესებზე – არა ჰესებზე, მოგვწონს – არ მოგვწონს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ საუბარია ელემენტარულ ადამიანობის პრინციპებზე. მინდა პოლიტიკოსებს ვუთხრა, აქ ჰესებზე კი არ დგას საკითხი, აქ დგას სახელმწიფოს ადამიანებთან დამოკიდებულების საკითხი.
უკანონო ბრძანებები დიახაც არ უნდა შესრულდეს თუ ისინი კანონიერების და ადამიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აქ საუბარია სამართლიანობაზე. სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა. ყოჩაღ ჩვენს ოფიცრებს და მოვუწოდებ იგივე მიდგომისკენ ყველას, ვისაც აიძულებენ უკანონო ბრძანება შეასრულონ.” – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედმა გამომძიებელმა, ზურაბ ხმელიძემ თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა. როგორც მან ტელეკომპანია “მთავართან” განაცხადა, დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაციული და უკანონოა.