ემოციური მონოლოგი, მონატრება და უდიდესი მადლიერება დედის მიმართ – რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა და სცენიდან ის პირადი ისტორიები გააზიარა, რომლებმაც მისი, როგორც ხელოვანის, ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ ნიკა ნიკვაშვილის ვერსიით ლეგენდარული „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა, სიმღერა, რომელიც მომღერლის თქმით, მისთვის მშობლების უპირობო სიყვარულთან ასოცირდება.
„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი.“
ვიდეო: ომარ ჯოხაძე
