LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„თუ ბავშვს არ მოსწონხარ, არ გაგიცინებს, თუ ბავშვს არ უყვარხარ, არ ჩაგეხუტება“ – ვინ არის ერთადერთი კაცი დირექტორი, რომელიც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობს

91
Untitled design (5)

ერთადერთი კაცი დირექტორი, რომელიც დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაღს ხელმძღვანელობს – თბილისის მერია პროექტის „თბილისზე მზრუნველის“ ფარგლებში საზოგადოებას იაგო მაისურაძეს აცნობს.

იაგო მაისურაძე თბილისის N199 საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ დირექტორია.

„პროფესიით კინოწარმოების მართვის, ასევე, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, 2008 წლიდან უდგას სათავეში თბილისში ყველასათვის ცნობილ საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულას“, სადაც ხელმძღვანელის დამსახურებით აღსაზრდელებისთვის ნამდვილი ზღაპრული სამყაროა შექმნილი.

იაგო მაისურაძე ბაგა-ბაღის მართვისას იყენებს ევროპული სკოლამდელი განათლების მეთოდურ მიდგომებს. ეს გამოცდილება მან გერმანიაში პრაქტიკული სამუშაოების დროს შეიძინა. მისი უშუალო ჩართულობა სააღმზრდელო პროცესში და ურთიერთობა თითოეულ აღსაზრდელთან ბაღში ქმნის იმ გარემოს, სადაც მუდამ სიხარულია.

იაგო მაისურაძემ წლების წინ ბაღში მოაწყო მინი კინოსტუდია, სადაც ყველა ასაკის ბავშვები თავად მონაწილეობდნენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაში, თუმცა ბაგა-ბაღის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მან წელს სტუდია დახურა და მის ნაცვლად ახალი სააღმზრდელო ჯგუფი გახსნა. იაგო მაისურაძე დირექტორის კაბინეტსაც დაემშვიდობა და ისიც სააღმზრდელო ჯგუფს დაუთმო.

სამი წლის წინ ამავე ბაღში იაგო მაისურაძის ძალისხმევით მოეწყო წიგნიერების ცენტრი შესაბამისი ინვენტარითა და დეკორაციებით. ბაღს ხშირად სტუმრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც თავად უკითხავენ წიგნებს ხუთკუნჭულას აღსაზრდელებს.

„ხუთკუნჭულას“ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულია თითოეული თანამშრომელი, ასევე აღსაზრდელების მშობლები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

„ჩემთვის უდიდესი ემოციაა, როდესაც შემოვდივარ საბავშვო ბაგა-ბაღში და ყველა აღსაზრდელი მომელის, ჯგუფში შესვლა ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა. თუ ბავშვს არ მოსწონხარ, ის არ გაგიცინებს, თუ ბავშვს არ უყვარხარ, ის არ ჩაგეხუტება, ამიტომ თავად ბავშვები მაძლევენ იმ სტიმულს ყოველთვის გავაკეთო ის – რაც მათ მოეწონებათ.

ამ ბაღში ათასობით ბავშვი აღიზარდა, რა თქმა უნდა, როდესაც ისინი ოჯახიდან მოდიან, ეს გარემო თავიდან მათთვის ეტაპობრივად ეჩვევიან და ჩვენც ვცდილობთ, მათ შევუქმნათ ისეთი გარემო, როგორიც ოჯახშია“ – ამბობს იაგო მაისურაძე.

ვიდეო: თბილისის მერია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g