ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის განცხადებით, თუ სხვა ქვეყნებს საქართველოსთან ურთიერთობა სურთ, მაშინ საქართველოსთან უნდა ისაუბრონ და არა „რაღაც სია შეადგინონ“. აღნიშნული განაცხადი დღეს მეუფე იაკობმა ამბიონიდან, ქადაგებისას გააკეთა.
ბოდბელ ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია რა სიას გულისხმობს, თუმცა სავარაუდოდ, ის საუბრობს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „მაგნიტსკის აქტის“ ანალოგის შექმნაზე:
როგორც სასულიერო პირმა განაცხადა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა. მეუფე იაკობის თქმით, „ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ.“
„ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში უნდა გატარდეს იმ ერის და ხალხის ინტერესები, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ.
მით უმეტეს, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ და წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, დღეს რა უნდა გავაკეთოთ და რა — არა. მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ და იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც თუ გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ.
თუ შეცდომები გვაქვს, ჩვენ ვიქნებით, თუ ისინი იქნებიან, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ.“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.