“ვიმყოფებით პარლამენტში, რათა მიშელის მონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, რა თანმიმდევრობით შესრულდება ხელისუფლების ყველა ვალდებულება” – ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილმა ერთგვარი გულისწყვეტაც გამოხატა, რადგან “შეთანხმებას დღეს არ აქვს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა”. მისივე განმარტებით, ისევე, როგორც ქუჩაში, ოპოზიციამ პარლამენტშიც უნდა გააძლიეროს ბრძოლა, რათა ადგილობრივ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.
შარლ მიშელი პარლამენტში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება
“დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ მასთან ერთად შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის.
ამიტომ, პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ სულ მალე, ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარს, გიორგი რურუას, ასევე მეორე პოლიტპატიმარს, ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ამის შემდეგ, შემიძლია გითხრათ და გაგიზიაროთ ჩემი იმედი, რომ ეს უკვე გახსნის გზას, ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი აქ, პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ უკვე სრული შემადგენლობით დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომელმაც უნდა მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც ფაქტობრივად არის თავისი შინაარსით მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ პოლიტიკური დატვირთვით ეს იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავალზე. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს.
ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს სრული, ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა აქ, საქართველოს პარლამენტში. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა აქაც, საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც თბილისის ქუჩებში, რათა ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება. ამის შედეგად ჩვენ მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები შესაბამისად, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს შეთანხმებაც და ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.