LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის დიეტოლოგი, რომლის დახმარებითაც ინგა გრიგოლიამ 10 კილო დაიკლო

2390

როგორც ინგა გრიგოლია წერს, 10 კილო ჯადოქარი ექიმის დახმარებით დაიკლო – „ესეც ჩემი გაჭიმული მინუს ათი კილო)))))))) შევუდექი ახლა მეორე მინუს ათი კილოს დაკლებას)))))))))))) ლაშა უჩავა, შენ ხარ ექიმი-ჯადოქარი“, წერს ტელესახე სოციალურ ქსელში.

„ფორტუნა“ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას დაუკავშირდა და მისგან საინტერესო რჩევებიც მოისმინა.

ლაშა უჩავა:

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ექიმის გარეშე დიეტების დაცვა არ არის სასურველი. ნებისმიერმა დიეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს არასასურველი გართულებები, თუკი პაციენტს აქვს რომელიმე დაავადება. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ასეთ დროს პაციენტი უნდა მოერიდოს ნესვის, მსხლის, ყურძნისა და ლეღვის მირთმევას. გარდა ამისა, შესაძლოა, გართულებები იყოს გულსისხლძარღვთა ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არანაირი დიეტის დაცვა არ ღირს. მეორე მხრივ, თუკი ადამიანი ჯანმრთელია და ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ დიაგნოსტიკურ კვლევას იტარებს, შესაძლებელია იფიქროს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ კვებაზე…

გვითხარით თქვენი ოქროს წესები, რომლებიც გახდომის მსურველმა პაციენტებმა უნდა დაიცვან…

პირველ რიგში, დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს ოთხჯერადი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მიირთვათ ზომიერად, დღეში ოთხჯერ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დალიოთ სითხე სუფთა წყლის სახით. სხვა ტიპის სასმელი არ არის ისეთი ეფექტური და აუცილებელი, როგორიც წყალი. ჩაი კარგია, მაგრამ რაც შეეხება ყავას, ის ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის, რაც არ არის სასურველი. თითქოს უვნებელია, მაგრამ წყლის დიდი ოდენობით მიღებაც არ არის რეკომენდებული. პირველ რიგში, ისეთი პაციენტებისთვის, რომელთაც მაგალითად, თირკმლის ან შარდსასქესო ორგანოთა დაავადებები აწუხებთ. თუ ადამიანი ჯანმრთელია, მაშინ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპით, საკუთარი წონა გადაამრავლოს 0,033-ზე და მიიღებს იმ ოდენობის წყალს, რომელიც სასურველია, დღის განმავლობაში დალიოს. ზაფხულში, რასაკვირველია, უფრო მეტი სითხეა საჭირო. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ წყლის მიღებისას მარილიანი საკვები უნდა შეზღუდოთ, რადგან ასეთ დროს სითხე ორგანიზმში რჩება და იწვევს შეშუპებას, რაც ზაფხულში საკმაოდ დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს.

მოკლედ, შეზღუდეთ მარილიანი საკვები და გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. ეს არის ოქროს სტანდარტი იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ფორმა და მშვიდად დაიძინოთ.

რაც შეეხება კვებას, მიიღეთ ცოტ-ცოტა ცხიმი, ცილები, ნახშირწყლები, მინერალები, რომელიმეს შეზღუდვა არ არის რეკომენდებული, ცხიმისაც კი, რადგან ის ნივთიერებათა ცვლისთვისაა საჭირო.

ზაფხულში ხილითა და ბოსტნეულით ვართ განებივრებული, ეს, თავის მხრივ, საუკეთესო პროდუქტებია წონაში დასაკლებად. ზოგადად, ზამთრისგან განსხვავებით, როცა ბურღულეული და კარტოფილია უფრო მეტად, ზაფხული უკეთესი პერიოდია იმისთვის, რომ წონის დაკლებაზე იზრუნოთ, შეაჩვიოთ ორგანიზმი რეჟიმს, რომელსაც ზამთარშიც დაიცავთ და წონაში აღარ მოიმატებთ.

გაგვიმხილეთ, როგორ დააკლებინეთ ინგა გრიგოლიას 10 კილო?

(იღიმის) მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვებით. ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული პაციენტის ნებისყოფაზე. ინგა ძალიან მიზანსწრაფული და ძლიერია, ამიტომაც მოახერხა, ასე მოკლე დროში, სასურველი შედეგის მიღება. როცა პაციენტი აცნობიერებს, რომ წონა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის, იქ ყველაფერი უფრო ადვილად ხდება. წონის მატება ჯანმრთელობას პირდაპირ უკავშირდება. პროდუქტების შეზღუდვა ისედაც იწვევს ადამიანის უგუნებობას, ამიტომაც ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოთ დიეტის დასაცავად, როცა ეს თქვენი მიზანია, შედეგსაც ადვილად მიაღწევთ! (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g